ქმედებები, რომელიც არჩევნების დღეს, შეიძლება, ფულადი ჯარიმის საფუძველი გახდეს – ცესკო-ს გაფრთხილება

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში.

ჟვანიამ დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე მოუწოდა როგორც ამომრჩევლებს, ისე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, მოერიდონ პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით გამოცხადებას უბანზე.

“აღნიშნული ქმედება შეიძლება, გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი. 8 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი, ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევახსენო საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია, იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცესკო-ში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მისი თქმით, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge.

“ამასთან, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ წელს პირველად ცესკო ახორციელებს ინოვაციურ საპილოტე პროექტს და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკო-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით (Facebook; YouTube). ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”, – განაცხადა ჟვანიამ.

მისი თქმით, 8 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

“დღის განმვალობაში მედიაცენტრში 6 საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. შედეგების დათვლის პროცესს საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების ცესკო-ში შემოსვლისთანავე იწყებს, შესაბამისად საზოგადოებისთვის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობას 9 ოქტომბრის ღამესვე დავიწყებთ. და ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს საზოგადოებრივი ინტერესებისადმი პატივისცემით, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული ოქმის შედგენა, საქართველოში არყოფნის გამო ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიაგაერო: ალეპო თვის ბოლომდე შეიძლება გაცამტვერდეს