ქინიბწკვით არძაქ რას ნიშნავს?-სკანდალური ინტერვიუ კახა მიქაიასთან

ვინ მფარველობს ზუგდიდის ყოფილ მერსა და ვიცე-მერს, მოხდება თუ არა კორუმპირებული ჩინოსნების დაჭერა, რა ხდება სამეგრელოში, რა შემთხვევაში რეაგირებს ცენტრალური ხელისუფლება კორუფციაზე? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ `დაიცავი საქართველოს~ ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.

_ ბატონო კახა, ვისაც კი დაუპირისპირდით, ყველას თანამდებობა დაატოვებინეს. შონიას, გოგიას და გულორდავას შემდეგ ვისი ჯერია?
_ მე რა შუაში ვარ? ეგენი საკუთარ თავს თავად დაუპირისპირდნენ. მე მხოლოდ ვამხელდი მათ, რასაც უმაღლესი თანამდებობის პირები ყურადღებას არ აქცევდნენ. საკმარისი იყო აუდიოჩანაწერი გავრცელებულიყო, რომ ყველა შეფუცხუნდა. კორუმპირებულები თანამდებობებიდან წავიდნენ.
ახლა ვკითხულობ, მაინცდამაინც აუდიოჩანაწერი უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ `ოცნება~ მისი ჩინოსნების კორუმპირებულობაში დარწმუნებულიყო? ეს დღეც დადგა და ჩანაწერი გამოქვეყნდა. ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოძიება დაიწყოს.
_ ჩანაწერი რომ არ გამოქვეყნებულიყო, გამოძიება არ დაიწყებოდა?
_ რასაკვირველია, არა. მე ამ საუბრის ჩანაწერი რომ არ გამესაჯაროებინა, ცენტრალური ხელისუფლება სამეგრელოში და კერძოდ ზუგდიდის მერიაში არსებული ვითარებით არც კი დაინტერესდებოდა.
_ ცენტრალური ხელისუფლებისთვის არ არის ცნობილი, რა ხდება რეგიონებში?
_ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ცენტრში არ იცოდნენ, რას აკეთებენ ჩინოსნები ადგილებზე. რეგიონებში კორუფციული გარიგებები ზევით არის შეთანხმებული და მათ მაღალი თანამდებობების პირები მფარველობენ.
იცოდეთ, რომ არც გულორდავა, არც შონია, არც გოგია, არც ქობალია არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ინიციატივით გამოირჩევიან და რამის გაკეთების ერთი ადგილი აქვთ.
`ქართული ოცნების~ დამკვიდრებული პოლიტიკის შედეგია ის კორუფცია, რაც თავს დაგვატყდა სამეგრელოს რეგიონს.
_ არც სხვა რეგიონებშია უკეთესად საქმე.
_ სამეგრელო მაინც განსაკუთრებულია. შონიაზე, გოგიაზე, გულორდავაზე ძალიან ბევრი მაქვს ნალაპარაკევი. რეგიონში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე სხვებიც წერდნენ, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, სანამ აუდიოჩანაწერი არ გამოქვეყნდა, ყურიც არავის შეუბერტყია.
_ მართალია, ეს ჩინოსნები თანამდებობიდან წავიდნენ, მაგრამ შეწუხებულები არ ჩანან. ძალიან თავდაჯერებულია მერის ყოფილი მოადგილე გულორდავა, რომელიც საკუთარი ფოტოგენურობით ტრაბახობს. მისი თავდაჯერებულობა იმის ბრალი ხომ არაა, რომ ივანიშვილის კურსელია?
_ და რას ელოდით გულორდავასგან, დამნაშავე ვარო, იტყოდა? საწყალი, ახლა ძალიან შავ დღეშია და საკუთარ ფოტოგენურობაზე ამიტომ ხუმრობს. ამაზე ურჩევნია საუბარი. დიახ, ის ბიძინას კურსელია, მაგრამ, ამავე დროს, ის ჯაბას ახლო მეგობარიც იყო.
_ რომელი ჯაბას მეგობარი?
_ რომელი ჯაბა ჰყავდა საქართველოს? ჯაბა იოსელიანის მეგობარი იყო გულორდავა. გარდა იმისა, რომ კორუმპირებულია, ეს პირი ცნობილი მხედრიონელიც გახლდათ..
_ გულორდავა მხედრიონელიც იყო?
_ იყო, თან ცნობილი.
_ მეგრელი და მხედრიონელი? ცოტა უცნაურია.
_ რატომ გიკვირთ? სამეგრელოში სხვა ცნობილი მხედრიონელებიც იყვნენ. გულორდავას შევარქვი ბიძინას კურსელი და ჯაბას ძმაკაცი. აქამდე მას ძალიან ჰქონდა ფრთები გაშლილი. ამ სკანდალის მერე, სამეგრელოში კორუფციის მამას ფრთებს შეუკვეცავენ.
_ ვინაა სამეგრელოში კორუფციის მამა?
_ როგორ თუ ვინ? გულორდავა. ყველა გარიგებაში ეგ მონაწილეობდა. ამ კლანის წყალობით, ქრთამის და წინასწარ წილების განსაზღვრის გარეშე სამეგრელოში ინვესტორი ვერ შემოდიოდა.
დღეს ყველა წუხს, რატომ არ შემოდიან საქართველოში ინვესტორებიო. მე ვსვამ უმარტივეს კითხვას _ ასეთი ხელისუფლების პირობებში რომელი ინვესტორი შემოვა საქართველოში.
ამ ვითარებასთან შეგუებას მე არ ვაპირებ. უმსგავსობას, უსამართლობას და კორუფციას შევარდნაძის და მიშას დროსაც ვებრძოდი და ამ ბრძოლას ახლაც გავაგრძელებ.
თქვენ მითხარით ზემოთ, რომ ვისაც გადაეკიდეთ, ყველას დაატოვებინეს თანამდებობაო. მხოლოდ იმათ ვებრძვი, ვინც დამნაშავეა და მათი წასვლა ჩემი ბრალი არ არის. არის ასეთი ქართული ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. კორუმპირებულებმა ყველაფერი თავის თავს დააბრალონ.
_ ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ გოგია-გულორდავას წასვლა კვირიკაშვილის გადადგომას უკავშირდება. ამბობენ, რომ სწორედ ყოფილი პრემიერი მფარველობდა ზუგდიდის ყოფილ მერს. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ კვირიკაშვილის წასვლა სერიოზული ამბავია, მაგრამ გოგიას გადადგომასთან მას არანაირი კავშირი არა აქვს. გიდასტურებთ რომ კვირიკაშვილი და ზურაბ ალავიძე მფარველობდნენ გოგიას. მას მფარველები მოქმედ ჩინოსნებშიც ჰყავდა.
_ ვინ მფარველობდა?
_ პირადად კალაძე. ის თბილისის მერის ერთ-ერთი ფავორიტი იყო და რატომ ახსენებენ კვირიკაშვილს, არ მესმის.
_ კალაძე რატომ მფარველობდა, გოგია წარსულში ფეხბურთს ხომ არ თამაშობდა?
_ ფეხბურთს არა, წყალბურთით იყო გატაცებული. კიდევ ყვინთავდა და ახლა ბოლომდე ჩაყვინთა. `ევროპული საქართველო~ მიიჩნევს, რომ გოგია მფარველის გარეშე დარჩა და ამიტომ მოხსნეს, მაგრამ მას მფარველი ისევ ჰყავს. უბრალოდ, იმდენად გახმაურდა ქრთამის აღების ამბავი, რომ მისი თანამდებობაზე დატოვება აღარ შეიძლებოდა.
გავრცელებული ჩანაწერიდან იმდენად ნათელი სურათი იხატება, რომ გოგიას კალაძე კი არა, მამაზეციერიც ვეღარ უშველიდა, თუ საერთოდ ჩალით არ გადახურა ეს ქვეყანა ივანიშვილმა და არ გვითხრა, გამდის და ვაკეთებ, მე და ჩემი ნაბადი.
ეს ჩინოსნები თუ არ დასაჯეს. ჩათვალეთ, რომ ივანიშვილს მართლა ჩალით აქვს ქვეყანა დახურული.
_ ამ საქმეზე სუსმა უკვე დაიწყო გამოძიება. იქ დაკითხვაზე თქვენც იყავით და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, უნდათ საქმის გამოძიება?
_ სუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ბევრს არ ვისაუბრებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გამოძიების დიდი იმედი არ მაქვს.
დაკითხვიდან გამოსულმა ერთ-ერთ ტელევიზიას ვუთხარი, არ მაქვს იმედი, რომ `ოცნება~ რამე გადამჭრელ ზომებს მიიღებს. ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, რომ ცდა ბედის მონახევრეაო და დაველოდოთ.
_ გოგია წავიდა და ზუგდიდში მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. ეს კორუფციული სკანდალი რაიმე გავლენას იქონიებს მერის არჩევნების შედეგზე?
_ ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ივანიშვილმა საზოგადოება ნიჰილისტურად განაწყო. სოციალურმა პრობლემებმა და იმ უბედურებამ, რაც `ოცნებამ~ ნაციონალების შემდეგ გააგრძელა, საზოგადოება დაღალა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა ძალიან დაბალია.
ვისაც ოპოზიციად მიაჩნია თავი, იმას ხალხი არ ენდობა. პარტიების მიმართ უნდობლობით კარგად მანიპულირებს ხელისუფლება. ამ ნაცად ხერხს `ოცნება~ არჩევნებში კარგად გამოიყენება.
ბედნიერი ვიქნები, თუ ერის გამოცოცხლება ჩემი კუთხიდან დაიწყება. ძალიან გთხოვთ, ხაზი გაუსვათ ამას, რომ სამეგრელო ასეთ საკითხებში ყოველთვის აქტიური იყო.
_ სამეგრელო ასეთ ამბებში ხშირ შემთხვევაში ზედმეტად აქტიურიც კი იყო.
_ ზედმეტად აქტიურიც ყოფილა სამეგრელო და ვისურვებდი, რომ ჩემს კუთხეს ეს ფუნქცია დაებრუნებინა. ამ ფუნქციას პოლიტიკური აქტიურობა ჰქვია და აქ ამის პოტენციალი ნამდვილად არის. ძალიან მინდა რომ სამართლიანობის აღდგენა და სასიკეთო ცვლილებები აქედან დაიწყოს.
_ ორი ხელისუფლების მოშორებაში სამეგრელომ სერიოზული როლი ითამაშა და მესამესაც თუ მიადგნენ, არ იქნება გასაკვირი.
_ შევარდნაძის და სააკაშვილის მოშორების პროცესში მთელი საქართველო იყო ჩართული. სხვა კუთხეები ნუ მიწყენენ, მაგრამ სამეგრელომ განსაკუთრებული როლი შეასრულა. ჯერ შევარდნაძე მოიშორა და მიშა მოიყვანა, მერე მიშა გაუშვა და ბიძინა მოიყვანა. ნაციონალებიც და `ოცნებაც~ ძალიან ცუდად და ბინძურად მოექცნენ ამ კუთხეს.
_ მარტო `ოცნება~ და ნაციონალები რატომ, შევარდნაძის ხელისუფლება ყველაზე საშინლად მოექცა სამეგრელოს.
_ შევარდნაძე ჩვენ არ მოგვიყვანია, მაგრამ ვის მოყვანაშიც დიდი წვლილი შევიტანეთ, ისინი მოგვექცნენ ყველაზე ბინძურად. მეგრელებში ამით იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ თავის ფუნქციას დაიბრუნებენ და დანარჩენ საქართველოსთან ერთად უმსგავს ხელისუფლებას უარს ეტყვიან
ამ ეტაპზე აქტიურობის ნიშნები არ ჩანს, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება. ამაზე უარეს დღეში ყოფილა ქვეყანა, მაგრამ ფეხზე დამდგარა.
_ საინტერესოა, რას ფიქრობთ სამეგრელოს ახალ გუბერნატორზე. ნიუსი ვნახე, რომ სიმინდის მოსავლის აღებას დასწრებია.
_ კარგია, თუ სიმინდის მოსავლის აღებას დაესწრო, მაგრამ სადღაა ასაღები სიმინდი, ფაროსანამ შეგვიჭამა. ყოველგვარი ირონიის გარეშე მინდა მოწერელიას წარმატება ვუსურვო. მედიაში გასაჯაროებული ჩანაწერიდანაც ჩანს, თუ რა გამოწვევების წინაშეა რეგიონი.
ამ გამოწვევების გაძლება ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გაუძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კორუფციის ჭაობში მოადენს ეგაც ზღართანს.
ამ აუდიოჩანაწერმა და სამეგრელოში შექმნილმა ვითარებამ პოლიტიკური ლექსიც დამაწერინა.
გოგია და ქობალია,
შონია და გულორდავა,
აუ, ეს რა დომხალია
გაუსქელდათ ბიჭებს გავა.
გოგია და ქობალია,
შონია და გულორდავა,
ყველაფერი მომპალია,
გარეთ ხე და სახლში `ტრავა~.
გოგია და ქობალია,
შონია და გულორდავა,
ელოდება ჩიტს გალია,
აღარ უნდა ამას დავა.
გოგია და ქობალია,
შონია და გულორდავა,
ქინიბწიკვით, ქინიბწიკვით,
ქინიბწიკვით არძაქ _ ვავა!!!
_ ქინიბწკვით არძაქ რას ნიშნავს?
_ რას ნიშნავს და ჩავისვარეთ ძმებოს. იმ ჩანაწერშიც არის ეს ფრაზა გამოყენებული და ჩემი ლექსის მუზა გახდა.

 

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა”

 

https://youtu.be/qSNk0KYlKNc

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის
შემდეგი სტატია“პანკისობა 2018” ჩაიშალა