„ქინძების პარტიას არ ექნება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს“

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს 2 სუბიექტს შორის დავაა.

მისი თქმით, გარკვეულ დაჯგუფებებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი აქვს, ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენონ, რაც არ გამოუვათ.

„ჩვენ მივესალმებით იმ განცხადებებს, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან კეთდება. აბსოლუტურად ვეთანხმებით ყველა განცხადებას. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მიმდინარე პროცესებში, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც გარკვეულ დაჯგუფებებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური და სასამართლო პროცესები. ესაა 2 სუბიექტს შორის არსებული დავა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. რაც შეეხება სასამართლოს, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს და ჩვენ ზუსტად ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება. თქვენ რომ შეგეძლოთ თავისუფლად მუშაობა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ზუსტად ესაა ის მიმართულება, რასაც ჩვენ მეგობარი ქვეყნებიდან ვისმენთ და რასაც აბსოლუტურად ვეთანხმებით“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო აშშ-სთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, თუნდაც „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, დიდ ინტერესს იწვევს.

„საქართველო მათი სტრატეგიული პარტნიური ქვეყანაა და ეს პროცესები, რაც მიდის თუნდაც „რუსთავი 2“-თან მიმართებაში, თქვენ იცით, რომ დიდი ინტერესია. ამ სასამართლო პროცესთან დაკავშრებით, გარკვეულ დაჯგუფებები და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს. გამოიყენონ ასევე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები, რაც არ გამოუვათ. ჩვენ მოვისმინეთ ის ფარული ჩანაწერები, რომელიც უკრაინაში გავრცელდა და არცერთ ქინძების პარტიას არ ექნება იმის საშუალება, სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს. ასევე, არ მივცემთ საშუალებას, რომ თქვენ, ჟურნალისტები, ბრმა იარაღად გამოგიყენონ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ნაპოვნი ცხედარი სავარაუდო ძველ ლაბორატორიაში ინახებოდა
შემდეგი სტატია„ლიტვა არის საქართველოს ტრადიციული მხარდამჭერი და დიდი მეგობარი ქვეყანა“