მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესწავლის მოთხოვნით, ზურაბიშვილმა OPCW-ს, გაეროსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა.
წერილის ადრესატები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი არიან.
მიმართვა OPCW-ს, გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს, საქართველოში 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ.
🔹ელჩი ფერნანდო არასი – ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალური დირექტორი
🔹ვოლკერ თურქი – გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი
🔹მაიკლ ო’ფლაერტი – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი, – წერს ზურაბიშვილი და წერილს აქვეყნებს.
წერილებში სალომე ზურაბიშვილი წერს BBC-ის გამოძიების შესახებ, „სადაც წარმოდგენილია სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სამართალდამცველმა სტრუქტურებმა შესაძლოა გამოიყენეს ბრომობენზილ ციანიდი — ნივთიერება, რომელიც ისტორიულად ასოცირდება ქიმიურ ომთან და რომელიც საერთაშორისო დონეზე აკრძალულია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან“.
„გამოძიების მიხედვით, ნივთიერება მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენა მაღალი წნევის წყლის ჭავლში შერევით. მიუხედავად ადგილობრივი ჯანდაცვის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოთხოვნისა, სამართალდამცავ უწყებებს გამოექვეყნებინათ ინფორმაცია გამოყენებული ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობის შესახებ, მათ ამ დრომდე პასუხები არ მიუღიათ. არცერთი საკითხი ჯერ არ გამხდარა გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების საგანი. თუ დადასტურდება ინფორმაცია ბრომბენზილ ციანიდის გამოყენების თაობაზე, აღნიშნული ქმედება საერთაშორისო ნორმების სერიოზულ დარღვევად ჩაითვლება, რაც პოტენციურად წარმოადგენს როგორც ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის (რომლის მონაწილე მხარეც საქართველოა) დარღვევას, ისე ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების ხელყოფას“, — ნათქვამია წერილში.
სალომე ზურაბიშვილი OPCW-ის მიმართავს წინადადებით, განახორციელოს BBC-ისა და ადგილობრივი წყაროების მიერ წარმოდგენილი მიგნებების წინასწარი ტექნიკური შეფასება და განიხილოს საქართველოში ექსპერტთა მისიის გამოგზავნის საკითხი, რათა დადგინდეს, გამოიყენეს თუ არა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ კონვენციით აკრძალული ნივთიერებები; და ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს გამოყენებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით.
გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ოფისებს ზურაბიშვილი სთხოვს, გამოიძიონ ყველა ცნობა ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ, მათ შორის ქიმიური საშუალებების შესაძლო გამოყენების ფაქტები.
















