ქიმიური იარაღის საქმესთან დაკავშირებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ გამოძიების დასაწყებად 9 საერთაშორისო ინსტანციას მიმართავს

ქიმიური იარაღის საქმესთან დაკავშირებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ გამოძიების დასაწყებად 9 საერთაშორისო ინსტანციას მიმართავს. ამის შესახებ ლიდერების მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

ზურა ჯაფარიძის თქმით, უკვე შეგროვებულია ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც საქმის გამოძიებისთვის იქნება საჭირო და უახლოეს ორ დღეში 9 -ვე ორგანიზაციაში გადაიგზავნება.

ზურა ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ პარტია კოორდინაციაშია სხვა პარტიებთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან.

დღეს, 22 დეკემბერს, 9 საერთაშორისო ინსტანციას გაეგზავნა „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ მომზადებული მიმართვა „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი სისტემური წამებისა და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

კოალიცია მიმართავს უკლებლივ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება ქართველი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე.
მიმართვები გაეგზავნათ შემდეგ საერთაშორისო ინსტიტუტებს:

1. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ
2. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ
3. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა და ადვოკატთა მდგომარეობის შესახებ
4. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სასამართლოს გარეშე თვითნებური და უკანონო დასჯის შესახებ
5. გაეროს სამუშაო ჯგუფს უკანონო დაკავებების შესახებ
6. ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალურ წარმომადგენელს
7. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს
8. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს საქართველოს შესახებ
9. ეუთო-ს სპეციალურ საგამოძიებო მექანიზმს
გაეროს სპეციალურ მომხსენებლებისთვის მიმართვა მოიცავს მოწოდებას, მათი მანდატის ფარგლებში, მიმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს.
მიმართვები მოიცავს იურიდიულ დასაბუთებასა და სხვადასხვა ტიპის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია საერთაშორისო გამოძიების დასაწყებად.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანამშრომლობს პროდასავლურ პოლიტიკურ, სამოქალაქო და პროფესიულ ჯგუფებთან, სისტემური წამების მსხვერპლებთან და იყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა რეჟიმმა პასუხი საერთაშორისო გამოძიების წინაშე აგოს”- წერია პოლიტიკური გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი არასრულწლოვანთა კანონს აკრიტიკებს
შემდეგი სტატია“პროკურატურას ეშინია ხმაურის…ვიდრე ყველა არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, მანამდე არ მოვისვენებ” – მოკლული მასწავლებლის დედა