ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ თავიანთი ხელმძღვანელის სიტყვები “ნოვიჩოკთან” დაკავშირებით უარყო

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ შეუძლებელია დადგინდეს მომწამვლელი ნივთიერების რაოდენობა, რომელიც მამა-შვილ სკრიპალების წინააღმდეგ გამოიყენეს სოლსბერიში – ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, საუბარია რამდენიმე მილიგრამზე. ადგილზე აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება მაღალი ხარისხის იყო და მდგრადი გარემო პირობებთან მიმართებაში.

4 მაისს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აჰმედ უზიუმჯიუმ განაცხადა, რომ სკრიპალების მოსაწამლავად გამოიყენეს 50-100 გრამი ნივთიერება თხევადი სახით. მას მაშინათვე უპასუხა რუსეთის საგარეო უწყებამ, რომ მსგავსი რაოდენობი “ნოვიჩოკი” საკმარისია არა მხოლოდ ორი, არამედ მიმდებარე კვარტალში მცხოვრები ადამიანების მოსაწამლავადაც.

გუშინ, 3 მაისს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომლითაც ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, იწარმოებოდა და ინახებოდა ჩეხეთში. “ჩვენ ვაწარმოებდით და ვინახავდით “ნოვიჩოკს”, მართალია, არა დიდი ოდენობით, მაგრამ მაინც. ჩვენ ვიცით სად და როგორ. საჭირო არ არის ფარისევლობა, ამაზე ტყუილის თქვა არ არის საჭირო” – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

12 აპრილს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, ამასთანავე, მოხსენებაში არ წერია სიტყვა “ნოვიჩოკი”. ბრიტანეთმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა, როგორც “ნოვიჩოკის” მწარმოებელი ქვეყანა. მაშინ ჩეხეთმა უარყო, რომ ისინიც აწარმოებდნენ ნივთიერებას.
სკრიპალები უგონოდ 4 მარტს იპოვეს ლონდონთან ახლოს, ქალაქ სოლსბერიში. იულია სკრიპალი რამდენიმე კვირის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან. უკანასკნელი დღეების მანძილზე მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილი და დრო ცნობილია
შემდეგი სტატიაჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ “ნოვიჩოკის” წარმოების შესახებ პრეზიდენტის ინფორმაცია უარყო