,,ქიმიის მასწავლებლის დასაცავად რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა მართული პროცესია”

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თბილისის 67-ე სკოლის დირექტორის, მარიამ თავართქილაძის განცხადებით, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას წინააღმდეგ საჩივარია დაწერილი, რომელსაც დისციპლინარული კომიტეტი სწავლობს. ამის შესახებ მარიამ თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ არის საჩივრის ავტორი.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ აღნიშნულმა პედაგოგმა მოსწავლე ცემა, დირექტორის თქმით, სკოლა რეაგირებას დისციპლინური კომიტეტის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოახდენს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოვიდა განცხადება, რომელიც გადაეცა დისციპლინარულ კომიტეტს. დისციპლინარული კომიტეტი დადებს დასკვნას. თუ ფაქტი დადასტურდა, ბუნებრივია, სკოლა თვალს ვერ დახუჭავს და იქნება რეაგირება. რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა მართული პროცესია. სკოლა იზრუნებს, რომ მოხდეს რეაგირება“, – აცხადებს თავართქილაძე.

ცნობისთვის, თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილი დილიდან აქციას ამავე სკოლის პედაგოგის, დოდო კეზუას მხარდასაჭერად მართავდა.
სკოლის მოსწავლების განცხადებით, დოდო კეზუა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, შესაძლოა, სკოლაში აღარ დააბრუნონ. მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ. ფაქტს თავად დოდო კეზუაც ადასტურებს და ამბობს, მას დირექტორმა შეუთვალა, განცხადება საკუთარი ნებით დაწერე და სკოლიდან წადიო.
კეზუას სკოლაში დაბრუნებას ეწინააღმდეგება მოსწავლეთა მშობლების ნაწილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ–ერთმა მშობელმა განუცხადა, დოდო კეზუა მოსწავლეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, რის გამოც საჩივრებია დაწერილი.

banner
წინა სტატიაშიფოთში, მშვიდობის ქუჩაზე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩვენ ზედმიწევნით შევასრულებთ პრემიერის მოწოდებას