ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით R2-ის დამფუძნებლები ბრიფინგს გამართავენ

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დღეს, 14:00-ზე, ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ოფისში ბრიგინგს გამართავენ. ჯარჯი აქიმიძის თქმით, მას და დავით დვალს ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული აქვთ.

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს. 30 ივლისის შეხვედრაზე ხალვაშმა რუსთავი ორის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაც დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არ სურთ. მათ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში თქვეს, რომ სჭირდებათ რეალური ბერკეტი და ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის გარანტია.

ცნობისთვის, 2017 წელს ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს რუსთავი 2-ის 50%-იან წილს სთავაზობდა. კითხვაზე, რა შეიცვალა 2017 წლის შემდეგ, ის პასუხობს, რომ “მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი”.

“რატომ გინდათ, თუ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?” – კითხულობს ხალვაში.

2017 წელს ქიბარ ხალვაში საჯაროდ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას მოიგებდა, ის წილების 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დავით დვალს კი გენერალურ დირექტორად დანიშნავდა.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიანიჭა, მან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი: ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის ერთ-ერთი პუტინის გინებაა
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრი: არ გვაქვს ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი ტურისტი