ქიბარ ხალვაში: სამწუხაროა, რომ ლევან ბერძენიშვილის საუბარი ქარდავას და დავითაის დაემსგავსა

სამწუხაროა, რომ ლევან ბერძენიშვილის საუბარი ბაჩუკი ქარდავას და პაატა დავითაის დაემსგავსა, – ასეთი კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე, სადაც დეპუტატი აცხადებს, რომ საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა არის საეჭვო.

ქიბარ ხალვაშის გაცხადებით, ქვეყანაში თითქმის ყოველ წელს არჩევნებია და სამართლიანობა თუ ელოდა ყოველ მომდევნო არჩევნებს, აღარასდროს აღარ დადგება.

„ჩვენ საქმით დავამტკიცებთ, რომ ეჭვი ყოველთვის არ არის მართალი. ტყუილად ღელავენ. რთულია, 10 წელი ელოდო სამართალს და მოტივირებული პოლიტიკური მოღვაწის ვიწრო მერკანტილური ინტერესის გამო დათმო. შეუძლებელია აბსოლუტურად ყველას ინტერესების დაცვა. სამწუხაროა, რომ ქარდავას და დავითაიას დაემსგავსა ბერძენიშვილის საუბარი. ის, რომ მათი სიტყვა ისევ იქნება ტელევიზიაში, პირობას ვაძლევ. თუ კიდევ სხვა რამე უნდათ ეგ აღარ ვიცი“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა, არის საეჭვო.

“შეიძლება გავიმეორო ერთ-ერთი დიპლომატის სიტყვები, რომ საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა, არის საეჭვო. მე პირადად ვგულშემატკივრობ იმ ამბავს, რომ “რუსთავი 2”, ყოველ შემთხვევაში, ამ არჩევნებს შეხვდეს იმ მენეჯმენტით და იმ პოლიტიკით, რომელიც აქვს, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ ასე ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს