“ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრი ქეთი თურაზაშვილი 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, მასობრივი ემიგრაციისა და შიმშილის გამო, ბავშვები გადარჩენისთვის იბრძვიან.
თურაზაშვილის განცხადებით, სანამ ხელისუფლება ეკონომიკურ აღმასვლაზე საუბრობს, ქართველ დედებს შვილების აღზრდა ტელეფონით, ემიგრაციიდან უწევთ, რადგან გაზრდილ ფასებს ადგილობრივი შემოსავლებით ვერ უმკლავდებიან.
თურაზაშვილი იმ საგანგაშო მონაცემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც ქვეყანა ამ დღეს ხვდება:
2020-2025 წლებში, მასობრივი ემიგრაციის შედეგად, საქართველოში 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა.
UNICEF-ისა და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.
ქვეყანაში მოქმედი 2080 სკოლიდან, 1400-მდე სკოლაში კვების ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს.
ფულის არქონის გამო, ბავშვების 45.3%-ს არ აქვს მისთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა (ლეპტოპი, წიგნები ან სხვა).
თურაზაშვილის განცხადებით, ბავშვების სოციალური გაჭირვება და შიმშილი პირდაპირ აისახება მათ განათლებასა და ინტელექტუალურ განვითარებაზე, რაც მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაშიც გამოჩნდა:
„PISA-ს კვლევით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, მათემატიკაში — მე-60, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში — 66-ე. ეს მონაცემები პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ბავშვები შიმშილობენ და მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა, ისინი ელემენტარული საჭიროებებით უზრუნველყონ“, — აღნიშნავს დეპუტატი.
თურაზაშვილი ხაზს უსვამს დემოგრაფიულ კრიზისსაც და აღნიშნავს, რომ 2025 წელს ქვეყანაში შობადობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა (დაიბადა 37 867 ბავშვი, გარდაიცვალა — 44 319).
„ყველა ბავშვი იმსახურებს დაცულ, სტაბილურ და ღირსეულ მომავალს საკუთარ სამშობლოში, რასაც „ქართული ოცნება“ არ და ვერ უზრუნველყოფს. ივანიშვილის „ოცნებამ“ შექმნა კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, — აცხადებს ქეთი თურაზაშვილი.
















