23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ქეთი ღურაზაშვილი ელექტროსკუტერების რეგულირების ინიციატივით გამოდის

პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელი ქეთი ღურაზაშვილი ელექტროსკუტერებისა და სხვა მსუბუქი ელექტროტრანსპორტის უსაფრთხო გამოყენების მიზნით რეგულაციების შემოღების ინიციატივით გამოდის.

ღურაზაშვილის განცხადებით, ელექტროსკუტერები თანამედროვე ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მათი აკრძალვა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი წესების შემუშავება, რომლებიც ერთდროულად დაიცავს როგორც ქვეითებს  ისე ელექტროსკუტერებით მოსარგებლე მოქალაქეებს.

პოლიტიკოსის შეფასებით, ტროტუარი უნდა იყოს სივრცე, სადაც ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და მშობლები საბავშვო ეტლებით, უსაფრთხოდ გადაადგილდებიან, თუმცა დღეს ეს სტანდარტი ყოველთვის დაცული არ არის.

ინიციატივა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა ქალაქში ველობილიკების ქსელის გაფართოება და ერთმანეთთან დაკავშირება, ველობილიკებზე ავტომობილების გაჩერების მკაცრი კონტროლი, ჩაფხუტის ტარების სავალდებულო გახდომა და ელექტროსკუტერებით სარგებლობისთვის მინიმალური ასაკობრივი ზღვრის  14 ან 16 წლის  დაწესება.

ღურაზაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ გასაქირავებელი სკუტერების ოპერატორებს მომხმარებლის პირადობის დოკუმენტით ვერიფიკაცია უნდა დაევალოთ, რათა არასრულწლოვნებმა სისტემით სარგებლობა ვერ შეძლონ. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ერთ სკუტერზე რამდენიმე ბავშვის გადაადგილების პრაქტიკის შეზღუდვას.

ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სკუტერების სიჩქარის რეგულირებას პარკებში, სკვერებსა და ხალხმრავალ საფეხმავლო ზონებში, ასევე ქაოტური პარკირების პრობლემის მოგვარებას. ღურაზაშვილის განცხადებით, თბილისის მერიამ სპეციალური საპარკინგე ადგილები უნდა შექმნას, ხოლო ოპერატორებმა ისეთი სისტემა დანერგონ, რომელიც მგზავრობის დასრულებას მხოლოდ შესაბამის ზონებში დაუშვებს.

პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ელექტროსკუტერები და ელექტროველოსიპედები ეკოლოგიური ტრანსპორტის სახეობებია, რომლებიც ამცირებენ საცობებს, ჰაერის დაბინძურებასა და საწვავის მოხმარებას. ამ მიზეზით, მისი თქმით, მიზანშეწონილია საგადასახადო შეღავათების დაწესება ამ ტიპის ტრანსპორტისა და მათი აღჭურვილობის იმპორტზე.

ღურაზაშვილი ევროპის ქვეყნების გამოცდილებასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საფრანგეთიში, გერმანიაში და იტალიაში ტროტუარზე მოძრაობა აკრძალულია, მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვები და სიჩქარის მკაფიო ლიმიტები, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ჩაფხუტის ტარება და დაზღვევაც სავალდებულოა.

„საქართველოსაც სწორედ ასეთი მიდგომა სჭირდება. ჩვენ გვჭირდება არა სკუტერების აკრძალვა, არამედ წესების დადგენა ქვეითებისა და სკუტერებით მოსარგებლე მოქალაქეების მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს ღურაზაშვილი.

მისი თქმით, პასუხისმგებელმა უწყებებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მომავალში მძიმე შემთხვევების თავიდან აცილება იყოს შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე დავით მაკარაძემ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფის საბაბით 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე – არ მგონია, ვეტოს საკითხზე ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება