19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ქეთევან თურაზაშვილი: სახელმწიფო კრიზისშია, “ოცნება” ვალდებულია ახალი არჩევნები ჩანიშნოს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი შეაფასა. პოლიტიკოსის განცხადებით, მმართველი გუნდის პოლიტიკის გამო სახელმწიფო ღრმა კრიზისშია, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

დეზერტირების ბაზართან გაკეთებულ განცხადებაში თურაზაშვილმა აღნიშნა, რომ ფასების ზრდის ფონზე მოსახლეობას ელემენტარული პროდუქტების შეძენა უჭირს.

„დღეს სახეზეა ორი საქართველო: ერთი, სადაც ადამიანებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის და მეორე, სადაც ადამიანების მცირე ჯგუფი ფუფუნებაში ცხოვრობს. აქ, დეზერტირების ბაზარში, სადაც ფასები შედარებით დაბალია, ყოველი მეორე გამყიდველი აღნიშნავს, რომ მყიდველი ძალიან ცოტაა — ყიდულობენ ხილს და ბოსტნეულს ცალობით. ძვირდება ყველაფერი: პური, ხორცი, რძის პროდუქტები, წამლები, კომუნალურები და ტრანსპორტი. სტუდენტები, პენსიონერები და მრავალშვილიანი ოჯახები უმძიმეს მდგომარეობაში არიან“, — განაცხადა თურაზაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ხელისუფლების მიერ შექმნილი ფასების კომისიის ეფექტიანობა ეჭვქვეშ დააყენა და მას „ბლეფი“ უწოდა.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასების კომისია და ამ კომისიის „მიღწევები” იყო ბლეფი. ამ ყველაფრის პარალელურად, ღარიბი ხალხის მდიდარი ხელისუფლება ათასობით ლარს იღებს ხელფასის სახით — მაღალი თანამდებობის პირების ანაზღაურება 50%-ით, ზოგჯერ 100%-ით გაიზარდა. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება დაწევდა საწვავზე აქციზის ფასს, გაზრდიდა პენსიას 1000 ლარამდე და მოიზიდავდა ინვესტიციებს, მაგრამ ეს „ოცნების” პირობებში შეუძლებელია“, — აღნიშნა მან.

თურაზაშვილის შეფასებით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ პარტიას ეკისრება.

„სახელმწიფო კრიზისშია და ეს კრიზისი გამოწვეულია „ოცნების” მიერ. შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლება ვალდებულია, აიღოს ეს პასუხისმგებლობა, ჩანიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აარიდოს ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ღრმა სიდუხჭირე“, — დასძინა ქეთევან თურაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისეს-მა ტაილანდურ რესტორანს შპს “ერდოღან ქალაიჯი” საწარმოო პროცესი შეუჩერა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გურჯაანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევ პირს ბრალდება წარუდგინა