ქეთევან ნატრიაშვილი მასწავლებლის სახლში მიმდინარე ტრენინგებს გაეცნო

განათლების მინისტრის პირველი მოადგილე პროექტის “ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში ტრენინგს გაეცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ოთხ დღიანი ტრენინგი საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარეობს.

ტრენინგის ამოცანაა დემოკრატიული განათლების ხელშეწყობა როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების სისტემების საშუალებით. სწავლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროპის საბჭოს ექსპერტები უძღვებიან.

ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების მიზნებს, პრინციპებსა და მათ შესახებ არსებულ დოკუმენტებს; სკოლის ანალიზს დემოკრატიული მოქალაქეობის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიმართულებით; სკოლის კულტურათა ტიპებს; დემოკრატიული განათლების კომპეტენციათა ჩარჩოს; დემოკრატიული განათლების სწავლების ზოგად ხედვას და მის პრაქტიკულ განხორციელებას მასწავლებლის მომზადების პროცესში საუნივერსიტეტო მომზადების პროგრამებისა და პროფესიული განვითარების სისტემებში, ასევე ამ მიმართულებით უნივერსიტეტისა და სკოლების თანამშრომლობის სქემებს, ცრუ წარმოდგენებთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის სტრატეგიებს, ევროპის საბჭოს სასწავლო რესურსებსა და სასწავლო მოდულების შემუშავების პრინციპებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ საკმარისი ცოდნა და კომპეტენცია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების სწავლების მოდელებისა და მეთოდოლოგიის შესახებ.

“ტრენინგი ორიენტირებულია შედეგზე და ითვალისწინებს მონაწილეების მიერ დეკემბრიდან თებერვლამდე ერთი მოდულის მომზადებას, რომელშიც მოცემული იქნება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებასთან დაკავშირებული მასწავლებლის 15 კომპეტენციიდან ერთ-ერთი. ამავე პერიოდში ტრენინგის მონაწილეები ექსპერტებისგან მიიღებენ კონსულტაციებს პროექტების მომზადების პროცესში.

მოდულების მომზადებისა და ტრენინგების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ მოხდება მომზადებული მოდულების პილოტირება და დამტკიცება, ამის შემდგომ კი განაწილდება ორი მიმართულებით – როგორც საუნივერსიტეტო პროგრამების, ისე მასწავლებელთა შემდგომი პროფესიული მომზადებისთვისთვის”,- აცხადებენ სამინისტროში.

პროექტში ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა. პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

სწავლების ყველა საფეხურზე დემოკრატიული განათლების მიზანია საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრება, ტოლერანტობა და მშვიდობიანი, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება.

banner
წინა სტატიაშისირიელი მეამბოხეები ჰომსს ტოვებენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიას საფლავზე იმყოფებოდა