ქეთევან კოვზიაშვილი: მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ღონისძიებებს და მოქმედებებს
არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. პოლიციის
მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან. მყისიერი
რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ფაქტზე, რის
შესახებაც პერიოდულად გაწვდით ინფორმაციას, ასევე, სამინისტრო მჭიდრო
კოორდინაციაშია საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო
ორგანიზაციებთან.
დავიწყებთ თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან
მომხდარი ბოლო ინციდენტის შესახებ ინფორმაციით – პოლიცია შემთხვევის
ადგილზე მობილიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტარდება ყველა
შესაბამისი ღონისძიება, რათა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მშვიდ გარემოში
გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს
სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1 პირი.
კერძოდ:
ქარელის N2 საარჩევნო უბანში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია “მონიტორინგის“ ჟურნალისტს. მომხდარ
ფაქტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონულ სამმართველოში
დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის
შეშლის და კენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის
კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
პოლიციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია 1972 წელს დაბადებული გ.კ.;
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე
გამოძიება მიმდინარეობს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტში. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ფოთში, N12-ე საარჩევნო
უბანში, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი,
რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. ჟურნალისტის გადმოცემით, აღნიშნული
დაპირისპირებისას მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს;
სენაკის რაიონულ სამმართველოში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის
კანდიდატის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე.
კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და
სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს;
აჭარის პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე
ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გონიოში,
საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების – “მთავარისა”
და “ფორმულას” ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ,
აქტივისტებმა ტელეკომპანია “ფორმულას” კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს.
მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის გაგრძელდება ინციდენტში
მონაწილე პირების გამოკითხვები;
ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო თბილისში მომხდარ დაპირისპირებასთან
დაკავშირებით. გამოძიებით დგინდება, რომ სკვერში მყოფმა ერთ-ერთმა
მოქალაქემ შენიშნა, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი.
მოქალაქის განმარტებით, მას აგიტატორის კუთვნილი სიები ჩაუვარდა ხელში, რის
შემდეგაც რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნულ მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა. ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ”
ქვეპუნქტით მიმდინარეობს;
ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის N40 საარჩევნო უბანში ძალადობის ფაქტის
შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლების შეტყობინების საფუძველზე
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი
ნაწილით. დამკვირვებლების გადმოცემით, ისინი საარჩევნო უბნის მიმდებარედ,
საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრის კუთვნილ ავტოფარეხში მსხდომი
პირების ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ, რა დროსაც დაიწყო სიტყვიერი და
ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთი დამკვირვებლის განმარტებით, მან
დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანებები და დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა.
დამკვირვებლები ამ ეტაპზე უარს აცხადებენ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით
გამოცხადებაზე.
ძალადობის შესაძლო ფაქტებზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ სისხლის
სამართლის ორ საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური
შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება
სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას
გულისხმობს;
სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია “მთავარის“ ჟურნალისტის
შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლით;
გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ზუგდიდსა და რუსთავში, ადმინისტრაციული წესით,
ჯამში 6 პირი დააკავა. აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა
კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით.
ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმისწარმოება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე
(პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით მიმდინარეობს, ხოლო რუსთავში –
ამავე კოდექსის 173-ე მუხლით.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამრღვევის ჩამდენი პირები არიან როგორც
მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ამასთანავე, საარჩევნო კანონმდებლობის, კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან 100
მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე,
ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ამ
ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და
მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების
ფარგლებში რეაგირება განახორციელა 18 შემთხვევაზე. იქ, სადაც გამოიკვეთა
კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, შეკრებილ
მოქალაქეებს პოლიციის მიერ მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე,
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები.
გამოვლენილ ინციდენტებზე ტარდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო
მოქმედებები, შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება
ინფორმაცია.
მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას,
განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის
აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დააფიქსიროთ აღნიშნული კანონდარღვევა და
დაუყოვნებლივ შეატყობინოთ პოლიციას. ასევე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს,
საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით
კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან
კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ
არჩევნების მშვიდ გარემოში დასრულებას- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის
დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი.

წინა სტატიაშიკალაძე – მიხარია, რომ შევძელით ღირსეული გამარჯვება
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ქვეყნის ხუთივე დიდ ქალაქში ლიდერობენ ოპოზიციის კანდიდატები და ახლა აუცილებელია უბნებზე ხმების დაცვა