ქეთევან ერემაძე: კონკრეტული მოსამართლეების გადასაწყვეტია, რა ინფორმაციას მიაწვდიან გამოძიებას

მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან გამოძიებას მისთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდა და დაუსახელა კონკრეტული გვარი, ვის მიმართაც მისი ინფორმაციით ზეწოლა განხორციელდა.

„იყო შეკითხვა, რომელიც შეეხებოდა იყო თუ არა ზეწოლა ჩემზე და რა ინფორმაციას ვფლობ სხვა მოსამართლეებთან მიმართებაში. პირადად ჩემზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გამოძიებას ვუთხარი, რომ ბატონი პაპუაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები პირველად არ გამიგია. ამის თაობაზე სასამართლოში ინფორმაცია არსებობდა და მქონდა მეც. ინფორმაცია რაც მქონდა, მივაწოდე გამოძიებას, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია კონკრეტულ მოსამართლესთან, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა ფარგლებში გაასაჯაროვებს ამ ინფორმაციას. მე ვერც სახელებს და ვერც გვარებს და ვერც სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა ერემაძემ.

ქეთევან ერემაძე გამოძიების მიმართ სკეპტიციზმითაა განწყობილი, თუმცა იმედი აქვს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და სიმართლე დადგინდება.

„მე ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც ყველა უწყებაში, პროკურატურაშიც არიან ძალიან პროფესიონალი ადამიანები. ნაწილს მათგან პირადად მეც ვიცნობ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასამართლო ზეწოლაზე საუბრობს. აქამდე რიგ შემთხვევაში გამოძიება არც დაწყებულა და არის შემთხვევები, როცა გამოძიების შედეგები დღემდე არ ვიცით. აქედან გამომდინარე, გარკვეული სკეპტიციზმი შეიძლება გვქონდეს“, – განაცხადა ერემაძემ.

banner
წინა სტატიაშიდედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიასავჩენკოს თქმით, უკრაინა-დონბასს შორის ვაჭრობას საერთაშორისო ურთიერთობა უნდა დაერქვას