ქეთევან ციხელაშვილის შემცვლელი გიორგი გახარიას ჯერ არ დაუსახელებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას უკავშირდება ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„მინდა, ქეთევან ციხელაშვილს გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის. თითქმის ოთხი წელია უკვე ის საქართველოს მთავრობაში მოღვაწეობს. მას უკავშირდება ბევრი ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც არის სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი, მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ნორმალური პირობები და აღვადგინოთ სამოქალაქო ხიდები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ეკონომიკის, ბიზნესის, სოციალური და კულტურული მიმართულებით. ამაში ქალბატონ ქეთევანს სერიოზული წვლილი მიუძღვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ქეთევან ციხელაშვილი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

„გააგრძელებს მუშაობას დიპლომატიურ ფრონტზე და დარწმუნებული ვარ, რომ მისი კვალიფიკაცია, ცოდნა და დაგროვილი გამოცდილება ხელს შეუწყობს, ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმავოს და მაღალ დონეზე აიყვანოს ევროპის მიმართულებით, ჩვენი დიპლომატიური მიღწევები. თუ ვინ შეცვლის ქალბატონ ქეთევანს, ამ ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ამის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით შევატყობინებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ბევრი მაგალითია, როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი კონგრესმენების ანგარიშზე : ივანიშვილი უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ს კონგრესის მხრიდან, არჩევანი არის ივანიშვილის ხელში