ქეთევან ციხელაშვილი – პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის

საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან, ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხვევაში მოახდინოს დიაგნოსტიკაც და ინფიცირებულთა მკურნალობაც. ეს არის შეთავაზება, რომელიც პრემიერ-მინისტმა გააკეთა და გარწმუნებთ, რომ რუხში არის ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა- ამის შესახებ საქართველოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა რუხში განაცხადა, სადაც სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების თხოვნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების მიმართ არის ის, რომ მოსახლეობამ დაიცვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათი ოჯახებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ყოველდღიურად ფაქტობრივად. არის გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ თვითონ დიაგნოსტიკის შესაძლებლობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთშიც არის ძალიან მწირი, ამიტომ რეალურად რა სურათია, ამის შეფასება ძალიან რთულია. საკმაოდ მაღალი რისკებია გამომდინარე იქიდან, რომ ფსოუდან, საქართველო-რუსეთის მონაკვეთიდან, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ ძალიან დიდი ნაკადის შემოსვლა ხდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, ე.წ. არჩევნების, თუ წინა კამპანიის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან დიდ თავყრილობებს, გაუკონტროლებელ შემოდინებებს ადამიანებისა და, რა თქმა უნდა, ეს რისკის ფაქტორებს ზრდის. პარალელურად, ჩვენ ვცდილობთ, განვახორციელოთ ყველა ღონისძიება, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას, პრევენცია მოხდეს გავრცელების. რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის აბსოლუტურად უნიკალური სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს და აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობები,“- განაცხდა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება
შემდეგი სტატიაკორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება