ქეთევან ციხელაშვილი – ოპოზიციას და ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ტრაგედიებით ნუ ვისპეკულირებთ

ოპოზიციას, ხელისუფლებას და მათ შორის, მედიასაც მოვუწოდებ, რომ როდესაც 29 წლის ახალგაზრდის სიცოცხლეზეა საუბარი და დიდი უბედურება ხდება, ტრაგედიებით ნუ ვისპეკულირებთ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, როდესაც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ვერსიებზე მეტი დეტალი გაირკვევა, ამის შემდეგ იქნება ახალი განმარტებების გაკეთება შესაძლებელი.

კითხვაზე, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება ხელისუფლების უმოქმედობისა და მაამებლური პოლიტიკის შედეგია, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ უკვე 10 წელია, რაც მახინჯი პრაქტიკა გრძელდება და მაშინ ხელისუფლებაში იგივე წარმომადგენლები იყვნენ, ვინც დღეს ამაზე საუბრობს.

„ვისაც არ უნდა ეთქვა საყვედურები, მისამართი ალბათ ძალიან შეეშალათ. ამას აკეთებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი. თუ მაინც ხელისუფლებაზეა საუბარი, ალბათ ერთი სიტყვა ყოფილი, რომ დაემეტებინა უფრი გამართლებული იქნებოდა. სამწუხაროდ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ამ რეალობას უკვე 10 წელია ვებრძვით. ამ შემთხვევაში იმაზე არ ვსაუბრობ, რომ შეიძლება ეს ვინმემ მიზანმიმართულად თუ არამიზანმიმართულად გააკეთა. ფაქტი და მოცემულობა არის ის, რომ საუბედუროდ 10 წელია, ასეთი მახინჯი პრაქტიკა გრძელდება და მაშინ ხელისუფლებაში ალბათ იგივე წარმომადგენლები იყვნენ, ვინც დღეს ამაზე საუბრობს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კითხვაზე, „ევროპული საქართველო“ ითხოვს, რომ ირაკლი კვარაცხელიას სახელი და გვარი „ოთხოზორია-ტატუაშვილის“ სიაში შევიდეს, მინისტრი აცხადებს, რომ ამ საკითხზე საუბარი დღეს სპეკულაცია იქნება.

„მოვუწოდებ ოპოზიციას, ხელისუფლებას, ყველა ადამიანს, მათშორის, მედიასაც, როდესაც ასეთი დიდი უბედურება ხდება, 29 წლის ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ტრაგედიებით ნუ ვისპეკულირებთ. ეს ნორმალური არ არის. მე ამას სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ვუდგები. მისი დაკავება, რომ აბსოლუტური უკანონობაა, ეს მოცემულობაა. რა მოხდა, რა გარემოებაში მოხდა მისი გარდაცვალება, ვერსიებზე ვერ ვისაუბრებ, მით უფრო გარკვეული მოლოდინები მაქვს, რომ მეტი დეტალი გაირკვევა და ამის შემდეგ განმარტებების გაკეთება შემეძლება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის განცხადება ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიამარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი განაცდურ ხელფასს ითხოვს