ქეთევან ციხელაშვილი : ნატო-ს წევრობა არ არის მხოლოდ არჩევანი, ეს უალტერნატივო გზაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა, რომლის თემაა: „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს სამიტის შემდეგ“.

ქეთევან ციხელაშვილმა კონფერენციაზე ისაუბრა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე, როგორც უალტერნატივო გზაზე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მათი ინფორმაციით, მოხსენებაში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება ოკუპაციის საფრთხეებზე გაამახვილა და საქართველოსათვის ალიანსის წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს საქართველოსათვის ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე ვმსჯელობთ. ესაა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ამ გზაზე ტრანსფორმაცია და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა. ამას ივლისში ჩატარებული ბრიუსელის სამიტის ჭრილში განვიხილავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს ის წარმატება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გააჩნია და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რას ნიშნავს საქართველოსათვის ნატო-ს წევრობა. რომ ეს არ არის მხოლოდ არჩევანი – ესაა უალტერნატივო გზა, მაშინ როდესაც ქვეყანას აქვს უსაფრთხოების ისეთი გამოწვევა, როგორიც მიმდინარე ოკუპაციაა.

ნატო-ს წევრობა, ფაქტობრივად, შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ევროპის ბევრი ქვეყნისათვის იყო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ის ქოლგა, რომლის ქვეშაც ისინი ახერხებდნენ ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სტაბილურ, დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ეს გვინდა ჩვენც. ჩვენი კურსი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ეს მე ცალსახად აღვნიშნე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ.

კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : რევანშიზმის დრო არ არის
შემდეგი სტატიაოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა გაიზრდება