ქეთევან ციხელაშვილი : მცირე მთავრობის შესახებ მიდგომა ძალიან სწორია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ მცირე მთავრობის მიდგომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა, ძალიან სწორია.

როგორც ციხელაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის პროგრამით დასახული ყველა პრიორიტეტი ცნობილი მალე გახდება და აღნიშნულზე განცხადებას პრემიერ–მინისტრი გააკეთებს.

„ჩვენი ხედვა, ერთგვარი ანგარიში და სამომავლო პროგრამაც საკომიტეტეო მოსმენებზე წარმოვადგინეთ. ყველა მიმართულება, რომელზეც იყო საუბარი, მნიშვნელოვანია. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა არის ურყევი, უცვლელი და თანმიმდევრული, რომელიც მომავლშიც გაგრძელდება. ის გეგმა და ინიციატივაც, რომელიც წარდგენილი იქნა და საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რა თქმა უნდა, განხორციელდება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი განმარტებით, საკითხი ძალიან კომპლექსური და რთული სამუშაოა იმ გარემოში, რასაც ოკუპაცია ქმნის.

„ჩვენი პრიორიტეტია, ეს განხორციელდეს, რადგან მშვიდობას, საზოგადოებების შერიგებასა და იმას, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს, ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაუდგენელი სახის ნარკოტიკით გარდაცვლილი ბიჭი 22 წლის ლუკა ანდოლინია
შემდეგი სტატიაპარლამენტთან პარკირებისას ავტომობილი საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა