ქეთევან ციხელაშვილი – კარგად გვესმის, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ყველას იდენტობას ემუქრება საფრთხე

კარგად გვესმის, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ყველას იდენტობას ემუქრება საფრთხე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში, სოხუმის დაცემის 25 წლისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, „ეს საერთო ტკივილია” განაცხადა.

მისივე თქმით, აფხაზეთის კონფლიქტმა არც ქართველების, არც აფხაზების ინტერესების სასარგებლოდ არ იმუშავა და ამ კონფლიქტს არ ჰყავს გამარჯვებული.

„ძალიან ტკივილიანი დღეა დღეს. გამოფენილ ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ რამხელა ტკივილია და ეს ტკივილი დღემდე არ განელებულა. 25 წელი ისტორიისთვის შეიძლება ხანმოკლე პერიოდია, მაგრამ ერთი ადამიანისთვის ძალიან დიდი დროა. ბევრი ადამიანისთვის ამ 25 წლის განმავლობაში ყოველი დღე არის მტკივნეული. დღეს პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას და ვუსამძიმრებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც ახლობელი დაკარგეს. ეს ტკივილი ცოცხალია იმ ადამიანებისთვის, ვინც დევნილობაში იმყოფება. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ვერ ბრუნდება თავის სახლში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მავთულხლართების მიღმა, არ არიან კარგ მდგომარეობაში. ამ კონფლიქტმა არც ქართველების, არც აფხაზების ინტერესების სასარგებლოს არ იმუშავა და ამ კონფლიქტს არ ჰყავს გამარჯვებული. ჩვენ ყველანი ვზარალდებით დღეს არსებული სიტუაციით, რადგან კარგად გვესმის, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ყველას იდენტობას ემუქრება საფრთხე. ეს საფრთხე არ ემუქრება მხოლოდ გალელ ქართველებს, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან რუსიფიკაციის პროცესის გამო და რუსული პროექტის პირობებში. ასეთივე რეალური საფრთხის განცდა აქვს ბევრ აფხაზს, სრულიად სამართლიანად არიან შეშფოთებული არსებული მდგომარეობის გამო. დღევანდელი თარიღი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რომ ეს არის საერთო ტკივილი. ეს ტკივილი გვტკივა როგორც აქეთ, ისე იქით, ქართველებს, აფხაზებს, რადგან ყველა ოჯახისთვის, ვინც ახლობლები დაკარგა, განსაკუთრებული ტკივილია და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ შედეგები, რომელიც დადგა, არ არის არავის ინტერესში.

“ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ასევე, რომ ის, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით წარსულში, ეს არის ფაქტი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ დღეს გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი, მშვიდობიანი მომავლისკენ. მშვიდობაზე ზრუნვა აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირების აღმოფხვრას, ხიდების მშენებლობას და შერიგებას. ამის გარეშე წარმოუდგენელია მშვიდობა, უკეთესი მომავალი და განვითარება. დღეს ძალიან ბევრი ნაიარევი გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი აღდგება, მავთულხლართები დაიშლება. ამ ნაიარევს ვერ გავაქრობთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი და დავძლიოთ ურთიერთმიტევებით, შერიგებით, რომელიც უნდა მოხდეს ხალხთა შორის დიალოგის გზით”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენი შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს
შემდეგი სტატიაEdison Research-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 79%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება