ქეთევან ციხელაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯეფრი ფელტმანს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო, ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, გამყოფ ხაზთან მავთულხლართების აღმართვის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე, გალისა და ახალგორის რაიონში გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებზე.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს, ხალხთაშორის კონტაქტების ხელშეწყობის, ნდობის მშენებლობისა და შერიგების გზით. მისივე თქმით, ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ჩართულობის პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს სთავაზობს იმ სერვისებს და მომსახურებას, რაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს აქვთ და რაც მომავალში ხელმისაწვდომი გახდება პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატში.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატსა და ჰუმანიტარულ ჯგუფში განხილულ საკითხებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლების დაბრუნების საკითხს, როგორც ცენტრალურ თემას და დღეს მათ ფაქტობრივ მდგომარეობას.

რაც შეეხება სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გაცნო, ასევე ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით დაგეგმილ პროგრამებზე და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მეტად ჩართულობის ხელშეწყობის მექანიზმებზე.

შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაერო-ს როლი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტის ამოქმედების კუთხით.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ივანიშვილის ჟანდარმერია” შალვა ნათელაშვილის საჯარო შეხვედრებს ბლოკავს