ქეთევან ციხელაშვილი: დღეს არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგო.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვისა და გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის და ღირსებისთვის ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ეს ახალგაზრდა კაცი სასტიკი წამებით რეჟიმმა ფაქტობრივად მოკლა და დღემდე მისი მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. იგი შეეხო ახალი კორონავირუსის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელების რისკებსაც და გამოთქვა იმედი, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის პირობებში, საქართველოს მთავრობას მიეცემა შესაძლებლობა, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.

„მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება და აღარ დავუშვებთ მსხვერპლს ახალგაზრდების, მოხუცებისა თუ ბავშვების, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალში იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, იგი აწამეს 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში მალე მილიონს მიაღწევს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდა