ქეთევან ციხელაშვილი – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა არის პირდაპირი ზეწოლა მოსახლეობაზე

region
ავტ.: region სექტემბერი 10, 2019 14:34

ქეთევან ციხელაშვილი – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა არის პირდაპირი ზეწოლა მოსახლეობაზე

ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოსახლეობაზე, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას.

მისი შეფასებით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

„ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით ორი რამ მინდა ვთქვა – რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ხდება, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ არალეგიტიმური და უკანონოა. შეუძლებელია ამას ჰქონდეს საბაბი ან არგუმენტი. ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოსახლეობაზე. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ როდესაც სრულიად შეფერხდა მოძრაობა ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე, მაშინ კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო ორი-სამი დღით, თვითონ ცხინვალის დე ფაქტი წარმომადგენლების მხრიდან, გუშინ გავრცელებული განცხადებით ფაქტობრივად ვადა არ დაუსახელებიათ, როდის შეიძლება, ეს გაიხსნას. ეს არის ზეწოლის მექანიზმი, მსხვერპლი და მძევალი არის მოსახლეობა, უბრალო ადამიანები, ძირითადად ახალგორის მოსახლეობა, რომელთა უმეტესობა ეთნიკური ქართველია. გარწმუნებთ, ეს ასევე მძიმედ მოქმედებს ჩვენს ოს მოსახლეობაზე, ფაქტობრივად რეგიონის სრული იზოლაცია ხდება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, მძიმეა მდგომარეობა ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა, როდესაც ფაქტობრივად ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი იკეტება. ჩვენ გვახსოვს წლის დასაწყისში, როდესაც ორი თვით ჩაიკეტა გადაადგილება ისეთი აბსურდული მიზეზით, თითქოს გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნიდა, რომელიც ისედაც გავრცელებული იყო. თვეების შემდეგ, როდესაც ევროპასა და საქართველოში ეპიდემიის შემთხვევა ამოიწურა, ცხინვალის რეგიონში უხდებოდათ გამკლავება ამასთან ბაღებსა და სკოლებში და ამის დამალვა უკვე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს ყველა გააცნობიერებს.

„მინდა, გამოვხატო იმედი, რომ იმ ადამიანებისა და ჯგუფების, რეჟიმის მხრიდან, რომელიც ამას იყენებს ადამიანებზე ზეწოლისთვის, იქნება გაცნობიერებული ძალიან მძიმე ჰუმანიტარული შედეგები, რომელიც ამას მოჰყვება გაყოფილი ოჯახებისთვის. საუბარია ბავშვებსა და მშობლებზე, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან, იქნება ეს ჯანდაცვა თუ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. აქედან გამომდინარე ეს უკანონო შეზღუდვა, რომელიც ისედაც შეზღუდულ გადაადგილებებს კიდევ უფრო აფერხებს და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, იქნება მოხსნილი რამდენიმე დღეში“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა, პირადად მეც. ჩვენ ყველა ამ არხით ვცდილობთ, მაქსიმალური ძალისხმევა იქნება გამოყენებული ამ ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მისაღებად, რომ ხალხი არ იყოს მძევალი ასეთი პოლიტიკური გაუმართლებელი ინტერესებისა. დავანებოთ ამ ხალხს თავი, რომელსაც ცხოვრება ისედაც ძალიან უჭირს ოკუპაციის პირობებში. დროა, ამ ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება მოხდეს, სანამ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაცია ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა გაავრცელა. დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.

region
ავტ.: region სექტემბერი 10, 2019 14:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics