ქეთევან ციხელაშვილი – ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი მიზანი საქართველოს გაერთიანებაა

ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქემ, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, თავი თანასწორად იგრძნოს და ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარების ყველა სფეროში მაქსიმალურად ჩაერთოს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც ბათუმში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდა.

„ძალიან საინტერესო და ორმაგად საყურადღებო შეხვედრა იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი უწყება პასუხისმგებელია სამოქალაქო ინტეგრაციაზე. ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქემ, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა თავი იგრძნოს თანასწორად და ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარების ყველა სფეროში მაქსიმალურად ჩაერთოს. ამ ამოცანების შესასრულებლად გვაქვს ახალი სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაზეც ვისაუბრეთ. ასევე ვიმსჯელეთ მათთვის საინტერესო საკითხებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე, რომელიც ბათუმში მცხოვრებ აფხაზებს აწუხებთ. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთი დღეს ოკუპირებულია, ცხადია, არსებობს საჭიროება პირდაპირი დიალოგის წახალისებისა და ხალხთაშორის ურთიერთობების აღდგენის. ამ კუთხით კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი მიზანი საქართველოს გაერთიანებაა, რომელიც პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებების გაერთიანებას გულისხმობს. აქ მცხოვრებ აფხაზებსა და ქართველებს გამორჩეულად კარგი ურთიერთობა აქვთ, არის ბევრი შერეული ოჯახიც, რომელიც მატარებელია როგორც ქართული, აფხაზური იდენტობის. ეს ადამიანები არიან ცოცხალი მაგალითები იმისა, რომლებიც ყველაზე მეტად შეგვახსენებენ, რომ მართალია ჩვენ დღეს გვყოფს მავთულხლართები, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, მოსახლეობამ სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ორმხრივი შეხვედრები როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უფრო ინტენსიურად გაიმართება.

შეხვედრა ბათუმში მცხოვრებ აფხაზებთან ე.წ. აფხაზეთის უბანში ალექსანდრე აცამბას ოჯახში გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიგერმანია, სამართალდამცავ სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას, სანიმუშოს უწოდებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ისლამ კარიმოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას