ქეთევან ბოჭორიშვილი მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს უხელმძღვანელებს

ქეთევან ბოჭორიშვილი დაიკავებს კომპანია „ანაკლია სითი“-ს   გენერალური დირექტორის პოზიციას და გაუძღვება ანაკლიის მდგრადი განვითარების მასშტაბურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ  ეკოლოგიურად სუფთა,  ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს, ინდუსტრიულ და საცხოვრებელი ქალაქის თანამედროვე ინფრასტრუქტურით  განვითრებას. ,,ანაკლია სით“-ის დამფუძნებლები თიბისი ჰოლდინგი და ამერიკული კომპანია კონტი ჯგუფია.

 

ქეთევან ბოჭორიშვილის კარიერა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, 18-წლიან სამუშაო გამოცდილებას ითვლის. ბოკონის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მიღებისა და იტალიაში კერძო საკონსულტაციო პრაქტიქის შემდეგ იგი საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა და თითქმის 10 წელი საჯარო სექტორში იმუშავა.

2010 წლიდან, ქეთევანი ეკონომიკის სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად დაინიშნა და წარმატებული საინვესტიციო და ექსპორტის პროექტების განხორციელების ფონზე, დანარჩენი წლები, ორი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ოთხი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გაატარა.

ქეთევან ბოჭორიშვილის სახელს უკავშირდება კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართული არაერთი რეფორმა, მილიონობით მოზიდული უცხოური ინვესტიცია, საქართველოს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კამპანიები, ბიზნესის მხადარჭერის ინოვაციური პროექტები, ექსპორტის ხელშეწყობა,  ტურიზმის განვითარება და არაერთი გლობალური მნიშვნელობის საქართველოში ჩატარებული ღონისძიება.

იგი უშუალოდ იყო ინიციატორი ისეთი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში, როგორიც არის: მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კონცეფტუალიზაცია და სისრულეში მოყვანა, „უმასპინძლე საქართველოში“ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა და „გადაიღე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის შემუშავება და დანერგვა. მის სახელს ასევე უკავშირდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის კამპანია #ქართულიადაკარგია და ეკონომიკური  ფორუმი „სილქროუდი“.

2014 წელს დაწყებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შედეგად კერძო სექტორში უკვე მობილიზებულია ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია და შექმნილია 11,300 ახალი სამუშაო ადგილი.

უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური რეგიონული მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც უკვე შეიქმნა და გაფართოვდა 3000-ზე მეტი მცირე ბიზნესი საქართველოს რეგიონებში, მოდელირებულია ქეთევან ბოჭორიშვილის ინიციატივით – კომპანია ბიპის მიერ მილსადენის გასწვრივ სოფლებში განხორციელებული პროგრამის მაგალითზე. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვან წარმატებულ პრეცენდენტს რეგიონის მასშტაბით.

რამდენიმე წლის წინ ქეთი ბოჭორიშვილის ინიციატივით დაწყებული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობის და ქართული ღვინის აზიაში ექსპორტის წახალისების პროგრამები, წლების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს ცვლის. ჩინეთი დღეს ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ტოპ სამეულშია, ხოლო ქართული მოდის ინდუსტრიის შესახებ ინტენსიურად შუქდება ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცემებში, როგორიც არის Vogue, ELLE, Forbes, Cosmopolitan, Harpers Bazaar და სხვა. ამავე პერიოდში წამოწყებული მოლაპარაკებები ტანსაცმლის მწარმოებელ ცნობილ ბრენდებთან უკვე მრავალმინიონიან ექსპორტში აისახება. ქართული საფეიქრო ფაბრიკები ასრულებენ ისეთი ცნობილი ბრენდების დაკვეთებს როგორიც არის მონკლერი, ზარა, ნაიკი, პუმა, მარქს&სპენსერ და მრავალი სხვა.

საკმაოდ მასშტაბურია ტურიზმის სექტორში მომხდარი ცვლილებებიც. 2016 წლის აპრილიდან დღემდე უკვე მიმდინარეობს 23 ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 60 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის ფონზე, რაც 600 ახალ ოთახს და 700 ახალ სამუშაო ადგილს შემატებს ქართული მასპინძლობის ინდუსტრიას.

კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის სპეციალური სქემის რეალიზება, ქეთევან ბოჭორიშვილის გუნდის მიერ  2015 წელს მოხერხდა. „გადაიღე საქართველოში“ პროგრამა საერთაშორისო კინოკომპანიებს საქართველოში გადაღებული ფილმის დროს დახარჯული თანხის მეოთხედს უნაზღაურებს. ერთი წლის მანძილზე, ამ სქემის მიხედვით გადაღებული 5 ფილმის ბიუჯეტმა შვიდ მილიონ ლარს გადააჭარბა, პროცესში ანაზღაურებად მომსახურებას ეწეოდა 650 ადგილობრივი პროფესიონალი. ასევე, საქართველოში უკვე გადაღებულია 30-მდე საერთაშორისო მუსიკალური ვიდეო და სარეკლამო კლიპი, რომლის განმავლობაშიც დასაქმდა და გამოცდილება მიიღო კინოინდუსტრიაში მომუშავე ასობით პროფესიონალმა თუ ქართულმა კომპანიამ – დაფიქსირდა სექტორის 40%-იანი ზრდა.

 

 

banner
წინა სტატიაშიმოხარული ვარ, რომ ქართულ ჯარს გადავეცით ტყვიამფრქვევები, რომელსაც ნატოს ძალები იყენებენ
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციას ალექსანდრე ხვადაგიანი უხელმძღვანელებს