ქეთევან ბაკარაძე : ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი გადაარჩინეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 7, 2020 10:35

ქეთევან ბაკარაძე : ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი გადაარჩინეს

ქართველმა ექიმებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 12 დღის ჩვილი გადაარჩინეს. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, ჩვილს თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა და ის უმძიმეს მდგომარეობაში, თანმხლები პირების გარეშე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ბაკარაძე წერს, გამოჯანმრთელებული პატარა დღეს მშობლებს დაუბრუნდა.

„ექიმობა რომ ყველაზე ჰუმანური პროფესიაა და რეალურად ერთეულთა ხვედრია, ჩემი ყოველდღიური რუტინა ამ აქსიომას მიმყარებს, თუმცა არის პროფესიონალიზმსა და ვალდებულებაზე გაცილებით მეტი, რასაც ღვთისნიერება და კეთილშობილება ჰქვია, ასეთ საოცარ ადამიანებზე დგას ეს სამყარო… ოკუპირებული აფხაზეთიდან 12 დღის პატარას, რომელსაც თანდაყოლილი ანომალია აღმოაჩნდა და უმძიმეს მდგომარეობაში სიცოცხლისთვის იბრძოდა, გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა. სხვადასხვა გარემოებების გამო პატარა პაციენტი მარტო, მშობლებისა და თანმხლები პირის გარეშე უნდა წამოგვეყვანა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, ჩვენთან ერთად უყოყმანოდ გაიზიარა ბატონმა ივანე ჩხაიძემ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა. ურთულესი ოპერაცია ჩაატარა ბრწყინვალე ქირურგმა, ბატონმა ზვიად ბულისკერიამ და უკვე პოსტოპერაციული პერიოდიდან გაწერამდე ჩვენი ბიჭუნა განუმეორებელი ნინო სოლომონიას აქტიური პატრონაჟის ქვეშ გადავიდა, რომელმაც უდიდესი ენერგია და სიყვარული ჩააქსოვა, რომ სამკვირიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყო და ასეც დასრულდა: დღეს გამოჯანმრთელებული პატარა მშობლებს დაუბრუნდა, რომლებიც უსაზღვროდ ემადლიერებიან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ქართულ ჯანდაცვას და ამ საოცარ და მართლაც ღვთისნიერ ექიმებს; ივანე ჩხაიძე, ზვიად ბულისკერია, ნინო სოლომონია, მადლობას გიხდით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ეს არის ქართული მედიცინის მორიგი წარმატება და კიდევ ერთი ნაჩუქარი სიცოცხლე“, – წერს ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 7, 2020 10:35