სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 25 აპრილს, დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებების გასამართად, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს ირანელები დაუკავშირდნენ და პირადი საუბარი მოითხოვეს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, შუამავლობას ისევ პაკისტანელები შეასრულებენ.
„ვიცე-პრეზიდენტი კვლავ ღრმად არის ჩართული მთელ ამ პროცესში და ის აქ, შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და მთელ ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად იქნება სიახლეების მისაღებად. რა თქმა უნდა, ყველა მზად იქნება პაკისტანში გასაფრენად, საჭიროების შემთხვევაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მხრიდან გარკვეული პროგრესი ნამდვილად დავინახეთ. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სტივი და ჯარედი ირანელების მოსასმენად გამოგზავნოს, ამიტომ ვნახოთ, რას იტყვიან ისინი“, – აღნიშნა ქეროლაინ ლევიტმა.















