“ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ბიუჯეტის არასწორ გადანაწილებასა და უტიფრობაში ადანაშაულებს.
სიორიძის განცხადებით, დიუშენის სინდრომი მიეკუთვნება იმ იშვიათ დაავადებებს, რომელთა მკურნალობასაც ყველა ნორმალური ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე უზრუნველყოფს.
„საქართველოში ირაკლი კობახიძე ურცხვად და უტიფრად გვეუბნება, რომ ხალხის ფულის თითოეული თეთრი უნდა იქნას ძალიან აწონ-დაწონილად და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით დახარჯული. მაშინ, როდესაც ქეიფებში, რესტორნებში, ბანკეტებში, პრემიებში, ჯილდოებში ფული საერთოდ არ ენანებათ და ბიუჯეტის ფულს ფლანგავენ.
„ხალხის ძალისთვის“ რომ შექმნეს ახალი ფრაქციები საკრებულოებში, ეს ბიუჯეტს 5 მილიონი უჯდება — ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეთა გადასახადების მიზნობრიობაზე. ეს არის ის სტანდარტი, თუ როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ღირებულებას ამ ქვეყანაში — ადამიანის სიცოცხლეს, განსაკუთრებით კი ბავშვისას“, — განაცხადა გიორგი სიორიძემ.

















