ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა თურქეთის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქედაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე 3 პირი დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია”-ს ქვე კონტრაქტორი შპს „ალბაირაქი”-ს და შპს ,,დინამიტი-ლ.დ”-ს თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი უმრავლესობას ხვდება
შემდეგი სტატიაძლიერი ხანძარი ე.წ. “სტამბოლის ბაზარზე” – ცეცლი ლიკვიდირებულია