ქარტია გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას | განცხადება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია “მთავარი არხის” ჟურნალისტზე, ნატალია ჯახუტაშვილზე “თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ გმობს ირაკლი კობახიძის აგრესიას.

ქარტია ღიად ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

“2022 წლის 25 ივლისს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, მათ შორის გამოიყენა სექსისტური ენა: „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც. მან ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს “მთავარი არხის” ჟურნალისტმა “ოცნების” ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია ” ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ “КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა”.

კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა:”ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე… ნუ დაემსგავსე შენს ბელადს”.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ვგმობ კობახიძის უკადრის საქციელს – ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა