,,ქართველობას,, უღირსი ქართველები გვართმევენ- რა მოხდა თბილისის ავტოსადგურში

ზუსტად იმ დროს, როდესაც საზოგადოების ე.წ. ნაციონალისტური ნაწილი „ქართველების მარშისთვის“ ემზადებოდა, თბილისის ავტოსადგურში ერთი ინციდენტი მოხდა, რომელიც რაღა დაგიმალოთ და, აშკარად, „ქართველობის წართმევას“ უსვამს ხაზს.


ზოგადად, საქართველოში უფროს-უმცროსობა და ქალისადმი პატივისცემა ტრადიციაა, ანუ როცა იმაზეა ლაპარაკი, რომ არალეგალი უცხოელები ჩვენს ადათ-წესებს თითქოსდა ფეხქვეშ თელავენ, ჯობია, ისიც ვთქვათ, რომ ტრადიციებს პატივს ქართველებიც არ ვცემთ და ამის ნათელი მაგალითია ის ინციდენტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ.
თბილისში, რკინიგზის სადგურის ზედა მხარეს, იქ სადაც სამარშრუტო ავტობუსები ჩერდებიან, შუახნის ქალბატონი იდგა – როგორც გაირკვა, სახლის გასაღები რაიონში დარჩენოდა და ახლობელს „მარშრუტკისთვის“ გამოუტანებია. როგორც იქნა, სამარშუტო ავტობუსი ჩამოდგა. ქალბატონი მძღოლთან მივიდა და მორიდებით უთხრა:
– გასაღები გამოგატენეს და თუ შეიძლება მომეცით!
-მძღოლმა შეუღრინა: ჯერ ხუთი ლარი გადამიხადე და გასაღებს მერე მოგცემ.
-ქალი შეიშმუშნა…
– შენი შავი მუშა კი არ ვარ, გასაღები უფასოდ რომ წამომეღო, როცა ხუთ ლარს გადამხიდი, გასაღებს მაშინ მოგცემ – გაუმეორა მოთხოვნა მძღოლმა.
ქალს ეტყობოდა, რომ არ ელოდა ერთ ცალი გასაღების ჩამოტანაზე ამხელა თანხას მოსთხოვდნენ და საფულეში დარჩენილი ბოლო ხუთი ლარიდან, მხოლოდ სახლამდე მისასვლელი თანხის დატოვებაზე დაითანხმა ღიპიანი მძღოლი, რომელმაც ქალს 4 ლარი და 20 თეთრი ზიზღით გამოართვა და გულში, ალბათ აგინებდა კიდეც.
ქალს სახეზე ეტყობოდა, რამდენად გულნატკენი იყო ქართველი მამაკაცის მხრიდან ასეთი უდიერი მოპყრობის გამო, მაგრამ პასუხი არ გაუცია ისე გაეცალა იქაურობას.
ჰოდა, ,,ქართველობის დასაცავად,, სანამ უცხოტომელთა წინააღმდეგ ,,მარშს“ გავმართავთ, კარგი იქნება,ჩვენ თვითონ ვისწავლოთ ქართველობა და ზემოხსენებული მძღოლის მსგავს „ვაჟკაც ქართველებს,, მინიმუმ, ის მაინც ვასწავლოთ, რომ ქალის პატივისცემა – მამაკაცის ვალდებულებაა!

 

ბერდია კალანდია

timer.ge

banner
წინა სტატიაშიეგვიპტურ ხურგადაში ტერორისტმა 2 გერმანელი ტურისტი მოკლა
შემდეგი სტატიაპენტაგონის ცნობით, ISIS-ის ერთ-ერთი მეთაური მოკლულია