ქართველმა ოფიცერმა, უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ქავთარაძემ, აშშ-ში, ქ. ფილადელფიაში, საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმო ვითარებაში აღმართა

აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუიდებლობის 101-ე წლისთავი პირველად აღინიშნა. ფილადელფიის მერიის ეზოში, საზეიმო ვითარებაში, საქართველოს სახელმწიფო დროშა ღონისძიების საპატიო სტუმარმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერმა, უფროსმა ლეიტენანტმა, გიორგი ქავთარაძემ აღმართა, რომელიც აშშ-ში საკარიერო კურსს წარჩინებით გადის.
ოფიცერმა ქავთარაძემ აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ქართველ სათვისტომოს სიტყვითაც მიმართა: „დღევანდელი დღე არის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. 101 წლის წინ ჩვენი ქვეყნის ღირსეული საზოგადო მოღვაწეების მიერ გადაიდგა ნანატრი ნაბიჯი, რომელმაც ისევ ჩვენს კუთვნილ სახლში, ევროპაში დაგვაბრუნა.
ამ ხნის მანძილზე საქართველომ არაერთი ბრძოლა გადაიტანა. როდესაც საქართველოს სახელმწიფო დროშის ფრიალის ხმა გვესმის, ეს არის ხმა იმ დიადი გმირი წინაპრების: მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ანდრონიკაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ტაბახმელაში გმირულად დაცემული იუნკერების, მარო მაყაშვილის, აფხაზეთსა და ცხინვალში დაცემული გმირების, 17 შინდისელის, გმირი გიორგი ანწუხელიძისა და მრავალი გმირის სიმართლის ხმა, რომელთაც თავისუფლება არჩიეს მონობას, რომლებმაც თავი არ დაუხარეს რუსეთის ტირანიას, მიმართულს ჩვენი ქვეყნის განადგურების საქმეში, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში, რათა საქართველო თავისუფალი და ერთანი ყოფილიყო“.
ოფიცერი ქავთარაძე საქართველოს უკუპაციის საკითხსაც შეეხო: „ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ანექსია დღესაც გრძელდება. საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას! ქართველი სამხედროები არასოდეს ვუღალატებთ ჩვენი გმირების მიერ განვლილ ღირსეულ გზას, ქვეყნის ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელიც თავისუფლებაზე, ღირსებასა და სამშობლოს ერთგულებაზე გადის“.
ფილადელფიის მერიის ეზოში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობასთვის ბრძოლებასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამოქალაქო და სამხედრო პირებს. საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, პენსილვანიის კონგრესმენი, ბრენდან ბოილი, ქ. ფილადელფიის მერიის წარმომადგენელი შეილა ჰესი, რომლებმაც ქართველებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, სამმა სამხედრო მომსახურემ ხანძრის დროს ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო (ფოტო)