ქართველმა ემიგრანტებმა გავრილოვის შემოშვებასა და აქციის მონაწილეების დარბევაზე პასუხი, საქართველოს ელჩს მოსთხოვეს

საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის შემოშვებისა და რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის დარბევის გამო, ვაშინგტონში მცხოვრებმა ქართველებმა ელჩს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. დავით ბაქრაძესთან დიპლომატიურ უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები მხოლოდ კამერების გარეშე დაუშვეს.

შეხვედრამ მძიმე ემოციურ ფონზე ჩაიარა. ემიგრანტები დიპლომატისგან საქართველოში რუსი დეპუტატების საქართველოში შემოშვებასა და აქციის მონაწილეების დარბევასთან დაკავშირებით ითხოვდნენ პასუხს. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს და “ქართული ოცნების” გუნდს, უტიფრები უწოდა.

შეხვედრის მონაწილეები დავით ბაქრაძის განცხადებამ გააღიზიანა, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან მოვლენებს, რომელიც რუსთაველის გაზირზე განვითარდა, შეფასება არ მისცა. ასევე თქვა, რომ არ იცის მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე. სწორედ აღნიშნული ასამბლეის წევრის სტატუსით იმყოფებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი, ანტიქართული განცხადებებით ცნობილი სერგეი გავრილოვი თბილისში

ემიგრანტების განცხადებით, ელჩთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა. მათი თქმით, ასევე არ ჰქონდა აზრი რუსთაველზე მომხდარი დარბევის რუსეთის საელჩოსთან გაპროტესტებას, რადგან მათ პასუხი ჯერ საქართველოს მთავრობისთვის აქვთ მოსათხოვი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი, კრისტინა ფუშოუც.

„მე მას უბრალოდ ვკითხე, გავრილოვი მთავრობამ მოიწვია თუ არა საქართველოში. მან არც ჰო მითხრა და არც არა. თქვა, რომ ორგანიზება ამას მართლმადიდებელ საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ გაუკეთა. ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ვერ შეიყვანენ ქვეყანაში, თუ იქ მას არ უშვებენ. ხელისუფლებიდან ვინმეს უნდა აეკრძალა მისი შემოშვება. თუმცა, ვიღაცამ მთავრობიდან მას შემოსვლის ნებართვა მისცა. წარმოუდგენელი იქნებოდა, რუსეთის სათათბიროს წევრი კონგრესში სიტყვით გამოსულიყო. მით უმეტეს, რომ ამერიკა რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ვიცი, მაგალითად, გაეროს გენერალური ასამბლეა ნიუ-იორკში და განსხვავება ის არის, რომ ამერიკის მიერ სანქციებდადებული პირები, ან არაღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ გაეროს გენერალური ასამბლეაზე ჩამოსვლას, მათ ამის უფლებას არ აძლევენ. რომელმა ორგანიზაციამაც უნდა მოიწვიოს, ამერიკის მთავრობას შეუძლია უარის თქმა. იგივე უფლება აქვს საქართველოს მთავრობას, მაგრამ ამას არ აკეთებს“, – განაცხადა საქართველოს საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსმა, კრისტინა ფუშოუმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ისაკაძე: რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი.არასდროს!
შემდეგი სტატია,,21 ივნისის ღამის შემდეგ,ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლებამ დედაჩემი მოკლა?”