ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ქობულეთში განზრახ მკვლელობის ჩამდენი პირი დანაშაულიდან რამდენიმე საათში თურქეთში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარი, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია – 1 პირი.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართველი სამართალდამცველების მიერ, მკვლელობის ფაქტიდან ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ქობულეთის რაიონში, სოფელ ჩაისუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჯ.ა თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიმალა. ქართველი და თურქი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ჯ.ა. ჩადენილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში, თურქეთში დააკავეს.

დაკავებულის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა უკვე განხორციელდა, ჯ.ა. ქართველ სამართალდამცველებს თურქმა კოლეგებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადმოსცეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და დანაშაული წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებ, რასაც შევძლებ, რათა მივაღწიოთ, რომ გავერთიანდეთ
შემდეგი სტატია„სალომე ზურაბიშვილისთვის ეს არჩევნები „პატრიოტთა ალიანსმა“ მოიგო“