“ქართველი უნდა ჰგავდეს ქართველს” – გუდაურში ადგილობრივებმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს

გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ „Mountain Set: Kazbegi“-ის ტერიტორია დაარბიეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ თანამშრომლებს და დაამტვრიეს ინფრასტრუქტურაც.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, დამტვრეულია ჯებირები და ხის ნაგებობები, ზარალი კი, თითქმის, 30 ათასი ლარია. მუსიკალური ფესტივალი ჩაშლილია, ორგანიზატორები ღონისძიებას თბილისში გამართავენ.

„მიზეზი თავიდან ბოლომდე იყო ის, რომ აქ არის მათი მამა-პაპის საძოვრები და არ უნდათ, რომ აქ ჩატარდეს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი. აგრესიულები იყვნენ, ეტყობა კიდეც ტერიტორიას მათი აგრესიულობა“, – აცხადებს ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ორგანიზატორების განცხადებით, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ და ფიქრობდნენ, რომ ელექტრონული მუსიკის ნაცვლად ადგილზე LGBT პრაიდის მსვლელობა უნდა ჩატარებულიყო.

„რა თქმა უნდა, სიცრუეა ლგბტ პრაიდის ჩატარება. ჩვენ არც დისკრიმინაციას ვახდენთ ვინმესი, არც ვეწინააღმდეგებით ვინმეს, უბრალოდ, ეს ცრუ ინფორმაცია იყო. აქ უნდა ყოფილიყო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც საშუალებას მისცემდა ადამიანებს, მოესმინათ ელექტრონული მუსიკისთვის და დაემყარებინათ ერთმანეთთან კომუნიკაცია, სხვა არაფერი“, – განაცხადა მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ადგილობრივები დარბევის მიზეზად ტერიტორიების სიწმინდეს ასახელებენ და განმარტავენ, რომ მამაპაპისეულ მიწაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება არ შეიძლება. მოხევეები საუბრობენ სექსუალური უმცირესობის საკითხზეც. მათი თქმით, ადგილობრივების აგრესია LGBT თემის ფერადი დროშის გამოჩენამ გამოიწვია.

„ეს ხატია ჩვენთვის, ირგვლივ სალოცავები გვიყურებს და არ გვინდა, ასეთი უმსგავსოება. იქ სიმბოლიკებია, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ სიმბოლიკებისა, ამ უმსგავსოებისა. ქართველი უნდა ჰგავდეს ქართველს, არ შეიძლება ამ კუთხეში ამ ფესტივალის ჩატარება ამ გეებისა და რაღაც მაგეების მომხრე ჩვენ არა ვართ,“ – აცხადებს ადგილობრივი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„ეს იყო მნიშვნელოვანი შოკი“ – თურნავა ტურიზმის სექტორში გაჩენილ პრობლემაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი ბოდიშს იხდის