„ქართველი ხალხის და ხელისუფლების ურყევი ნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“

ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი იყო და არის მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილური განვითარების უნიკალური მოდელი, იგი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაციის ფარგლებს და გახდა თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის გარანტია ევროპულ სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე – “ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ღირებულებითი თანხვედრის გარდა, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია პრაგმატულ არგუმენტებსაც ეფუძნება.

მისივე თქმით, ევროპული ოჯახის წევრობა ნიშნავს მშვიდობიან, სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ფუნქციონირებად ეკონომიკას, თვითრეალიზების საშუალებას ყველა თაობისთვის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის.

“ქართველი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ეს მიზანი სათანადოდ აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომლითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩვენს მთავარ საგარეო პრიორიტეტად და ამოცანად დაფიქსირდა. უფრო მეტიც, წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, ყველა ორგანოს კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აქტიურად ვთანამშრომლობთ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. ახლახან დამტკიცებული 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი ბევრად უფრო ამბიციური დოკუმენტია, ვიდრე მისი წინამორბედი. პარლამენტი მზად არის, ძალიან მჭიდროდ და კიდევ უფრო მეტი ენერგიით ითანამშრომლოს როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება სწრაფად და წარმატებით შეასრულოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს შიდა რეფორმებს, რათა ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ქვეყანაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული რეფორმები, განხორციელდა წარმატებით საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, ძლიერდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხორციელდება დეცენტრალიზაციის რეფორმა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები ხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით.

“პარლამენტმა დაამტკიცა გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სპეციალური ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომლის საფუძველზეც დაჩქარდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წლევანდელი პირველი ათი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 4.9 % რაც არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, ამისთვის ტარდება სოციალური რეფორმები, და შეიძლება აღინიშნოს, რომ 2012 წლის შემდეგ, თუ 2012 წელს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იყო 1.6 მლრდ ლარი, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს ჯანდაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ევროპელ პარტნიორებთან და მეგობრებთან თავის კავშირების გაფართოებას.

“ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებების გაფორმებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ ორმხრივი კავშირები და ამასთან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი კოლეგების წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ ძლიერი და სტაბილური ევროკავშირით, რომლის თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოლიტიკა შიდა და გარე პროცესებთან დაკავშირებით. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ როგორც ევროკავშირის გაძლიერებაში, ასევე, მის ახლო თუ შორეულ სამეზობლოებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ევროკავშირში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ღრმად მწამს, რომ ვიდრე ევროპის კონტინენტზე იქნება მშვიდობის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საერთო ინტერესი, ევროკავშირს ყოველთვის ექნება არსებობის და კიდევ უფრო გაძლიერების პოტენციალი. საქართველო მზად არის, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – საქართველო საფუძვლიანად მიიჩნევს თავს ევროპული ინტეგრაციის პროექტის წარმატების მაგალითად
შემდეგი სტატიასაფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები შესაძლოა აღარ გაერთიანდეს