ქართველი ხალხი შეძლებს, უახლოეს მომავალში ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავს არ დაესხმება ეროვნულ ინტერესებს, გაუფრთხილდება სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობებს – ნაციონალური მოძრაობა

საქართველოსთვის შეერთებული შტატების როლის არათუ არასწორი კუთხით წარმოჩენა, არამედ, ამ როლში ბუნდოვანების შემოტანაც კი, არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური მოვლენა, რომლითაც მხოლოდ საქართველოს მტრები ხეირობენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე განცხადების მიხედვით, მადლობას ეუბნებიან შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის და აქვთ რწმენა, რომ მათ შორის შეერთებული შტატების დახმარებით, ქართველი ხალხი შეძლებს გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

„ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერად და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით იყო და არის არსებითი, შეუცვლელი. ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს შეერთებული შტატების ეგზისტენციურ როლს ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ამ რეალობაში, საქართველოსთვის შეერთებული შტატების როლის არათუ არასწორი კუთხით წარმოჩენა, არამედ, ამ როლში ბუნდოვანების შემოტანაც კი, არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური მოვლენა, რომლითაც მხოლოდ საქართველოს მტრები ხეირობენ.

სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში კლანურ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს.

ამიტომ, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია – დეოლიგარქიზაცია.

რუსული ოლიგარქიული რეჟიმი თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ამას ზუსტად იმ ე.წ. არგუმენტებით აკეთებს, რა „არგუმენტებიც“ აქვს რუსეთს დასავლურ სამყაროს.

ეს „არგუმენტებია“ თითქოს არსებობს „სუვერენული დემოკრატია“ „სუვერენული სასამართლო სისტემა“, რომლის მიერ არაადამიანური, არასამართლიანი, პოლიტიკურად მოტივირებული და ძალადობრივი გადაწყვეტილებების მიღება/აღსრულებაზე რეაგირება არ არის დასავლური სამყაროს კომპეტენცია.

ამავე გზავნილებით რუსეთი აკრიტიკებდა ე.წ. მაგნიტსკის სიას და ამავე „არგუმენტით“ რუსეთი აკრიტიკებს ყველა იმ დაწესებულ სანქციას, რომელიც ძალადობრივი სისტემის მომსახურე რუსი მოსამართლეების წინააღმდეგ გაიცა.

მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. გამოვთქვამთ რწმენას, რომ მათ შორის შეერთებული შტატების დახმარებით, ქართველი ხალხი შეძლებს გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მოიტანს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას და ქვეყნისთვის გააჩენს ახალ ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

ქართველი ხალხი აუცილებლად შეძლებს, უახლოეს მომავალში ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავს არ დაესხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გაუფრთხილდება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან მეგობრულ ურთიერთობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, ჟურნალისტებზე ჯაშუშობა დასრულდეს… ეს ცუდია ევროპული პერსპექტივისთვის – იუკნევიჩიენე აუდიოჩანაწერებზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ბულინგის“ და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს, მადლობა ზრუნვისთვის – სესია სრულიად გამართლებულია, ახლა გამართლებული არ არის შესვენება