9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ქართველი კაპიტანი ჰყავდა ნავთობტანკერს, რომელსაც ირანი სპარსეთის ყურეში თავს დაესხა

ხუთშაბათის ღამის საათებში ირანმა სპარსეთის ყურეში ნავთობის ორ ნავთობტანკერზე იერიშები მიიტანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 38 მეზღვაური გადაარჩინეს. გამოცემა CNN და Reuters წერდნენ, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, ფეთქებადი მოწყობილობებით აღჭურვილმა ირანულმა ნავებმა გამოიწვია.

გამოცემა “რადიო თავისუფლებას” დაუდასტურეს, რომ თავდასხმის სამიზნე ორი ხომალდიდან ერთ-ერთს, რომელიც მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა, ქართველი კაპიტანი ჰყავდა. ამას გარდა, გემ Zefyros-ზე კიდევ 22 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.

ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლმა “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას თქვა, რომ მეზღვაურები უკვე სხვა ხომალდზე გადაიყვანეს და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ბაღდადში ინდოეთის საელჩომ განაცხადა, რომ დაღუპული მეზღვაური, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, ხომალდ Safesea Vishnu-ზე თავდასხმას ემსხვერპლა.

ბერძნული გამოცემა ekathimerini წერს, რომ საბერძნეთის მფლობელობაში არსებული Zefyros ერაყის ტერიტორიულ წლებში გემიდან გემზე ტვირთის გადაზიდვის პროცესში იყო, როცა მას თავს დაესხნენ. შედეგად ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო ინციდენტის შემდეგ ეკიპაჟის ყველა წევრი ერაყულ გემზე გადაიყვანეს.

ოთხშაბათიდან მოყოლებული სპარსეთის ყურეში ექვს გემზე თავდასხმა მოხდა. ირანის რეჟიმს ნათქვამი აქვს, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვას “არ დაუშვებს,” ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) დაემუქრა ყველა გემს, რომელიც სრუტეში გაცურვას შეეცდებოდა.

10 მარტს CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რის შემდეგაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ თუკი ირანმა მართლაც დაიწყო სრუტის დანაღმვა, “დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ნაღმების მოშორება”. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი თეირანს “აქამდე არნახული დონის სამხედრო პასუხით” დაემუქრა.

ცნობისთვის, Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიკახეთში პოლიციელის სამსახურებრივი ავტომობილი აალდა
შემდეგი სტატიახანძარი პარლამენტთან კარავში – შსს-მ გამოძიება დაიწყო