გამოცემა Reuters-ი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე მასალას აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლებამ ამერიკული კომპანია Concentrix-ის ადგილობრივ ოფისში, ასევე Atlantic Council-ის [ატალნტიკური საბჭოს] ორი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩხრეკა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩატარდა. Reuters-ი 26 ოქტომბრის არჩევნებს ტესტად მოიხსენიებს, რომელიც დაადგენს დაბრუნდება თუ არა ქვეყანა მოსკოვის ორბიტაზე თუ შეინარჩუნებს ტრადიციულ პროდასავლურ ორიენტაციას.
გამოცემა წერს, რომ 4 ოპოზიციური პარტია იბრძვის იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა წაართვას, ხოლო მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პარალელურად პირობას დებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, თუ არჩევნებში მოიგებს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ოფიციალურ თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები მაისში გაუარესდა, როცა ქართულმა ოცნებამ ე.წ. რუსული კანონი მიიღო, რის გამოც მმართველი პარტია კრიტიკის სამიზნე გახდა.
***
24 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა. ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ – 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.
გარდა ამისა, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი სთენდაფერ ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა.
ჩხრეკა ჩატარდა ასევე ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებდა. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სახლებშიც, რომლებიც საქმესთან არ არიან კავშირში. საუბარია სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილზე.