დუბაი–თელ-ავივის მიმართულებით FlyDubai-ს რეის FZ1073-ზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თვითმფრინავში იმყოფებოდა ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი, რომელიც სხვა მგზავრებთან ერთად თავდამსხმელის შეჩერებაში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი დაჭრილ კაპიტანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
მუსაევის მონაყოლით, თვითმფრინავის წინა ნაწილიდან ხმაური და ყვირილი რომ გაიგო, დასახმარებლად გაემართა. თავდაპირველად მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წუთში მისი, როგორც ექიმის, დახმარება გახდებოდა საჭირო.
„მე ტერორისტთან საბრძოლველად მივდიოდი და არა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად“, — იხსენებს შოთა მუსაევი.
მისი თქმით, თავდამსხმელის შეჩერებაში რამდენიმე მგზავრი მონაწილეობდა. მამაკაცი წინააღმდეგობას უწევდა და მის გასაკავებლად ხელ-ფეხის შეკვევა გახდა საჭირო.
მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა მუსაევმა დაჭრილი კაპიტანი. პილოტი თვითმფრინავის იატაკზე იწვა და თავისა და ხელების არეში მიღებული ჭრილობებიდან ძლიერ სისხლდენდა. მიუხედავად დაზიანებებისა, კაპიტანი გონზე იყო და მგზავრებთან საუბარს ახერხებდა.
„თვითმფრინავში ერთადერთი ექიმი ვიყავი. სისხლდენის შეჩერება შევძელი“, — ამბობს მუსაევი.
მისივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დაშვებამდე კაპიტნის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო. ტაბუკში დაშვების შემდეგ დაჭრილი პილოტი საუდის არაბეთის სამედიცინო ჯგუფს გადასცეს. მოგვიანებით მუსაევმა შეიტყო, რომ კაპიტანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
ქართველი ექიმი ინციდენტის ყველაზე მძიმე მომენტად თვითმფრინავის მკვეთრ ვარდნას იხსენებს. მისი თქმით, ბორტზე მყოფ მგზავრებს რამდენიმე წამით ეგონათ, რომ თვითმფრინავი კატასტროფას განიცდიდა.
მგზავრები სხვა პილოტებს მოუწოდებდნენ, კაბინაში შესულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა თვითმფრინავის მართვა გადაიბარა, ბორტზე მყოფებმა გაიაზრეს, რომ გადარჩენის შესაძლებლობა არსებობდა.
FlyDubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის სრული გარემოებების დადგენა შესაბამისი უწყებების მიერ გრძელდება.
შოთა მუსაევის მონაყოლის მიხედვით კი, ქართველმა ექიმმა არა მხოლოდ სხვა მგზავრებთან ერთად თავდამსხმელის შეჩერებაში მიიღო მონაწილეობა, არამედ დაჭრილ კაპიტანს პირველადი სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინა. შოთა მუსაევი არის წარმოშობით ქართველი ებრაელი ექიმი (სტომატოლოგი). მას განათლება მიღებული აქვს საქართველოში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).
„ახალი ამბები ისრაელიდან“ — მიხეილ ხეცოიძე








