ქართველი დიპლომატები სრულად არიან ფოკუსირებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად – დავით ზალკალიანი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 23, 2020 15:39

ქართველი დიპლომატები სრულად არიან ფოკუსირებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს; არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და შეზღუდული რესურსის მიუხედავად, ხდება მათი ოპერატიული დახმარება.

“მომართვიანობა არის საკმაოდ დიდი. ჩვენ არ გვყავს დიდი მოცულობის საელჩოები და ვართ შეზღუდული რესურსით, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე ვართ გადასულები და მთლიანად ფოკუსირებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით უცხოეთში დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ შორის პირველადი საჭიროების პროდუქტებით, ასევე თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში – მაქსიმალურად, იმ შესაძლებლობიდან და იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საელჩოებს გააჩნიათ” – განაცხადა მინისტრმა.

მან ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის. “მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც მართლაც დაუღალავად შრომობენ 24 საათიან რეჟიმში და კონსულტაციას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს, მადლობა გადავუხადო“ – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე ინფორმაციით, ეფექტიანად მიმდინარეობს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამუელებისთვის ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები.

“ჩვენ დავიწყეთ თბილისიდან ყოველდღიური კონსულტაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის და მინდა მადლიერება გამოვხატო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართ. მათი ექსპერტები ყოველდღიურად, გარკვეული საათების განმავლობაში მოდიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის გავრცელების დინამიკა საკმაოდ მაღალია, ჩვენს მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ ონლაინ რეჟიმში; აძლევენ მათ შესაბამის რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ კრიზისულ სიტუაციაში” – განაცხადა ზალკალიანმა.​

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 23, 2020 15:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics