ქართველი და რუსი დეპუტატების შეხვედრა მოსკოვში

ქართველი და რუსი დეპუტატების შეხვედრა მოსკოვში. რუსეთის სათათბიროში დღეს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი დსთ-ის კომიტეტის წევრებს, მათ შორის პუტინის პარტიის წარმომადგენლებს, შეხვდებიან.

პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის ალტერნატიული გეგმის შეთავაზებაა, რომელიც თბილისთან ერთად მისაღები იქნება მოსკოვისთვისაც.

“ძალიან დიდი მიღწევა იქნება, თუ დაფიქსირდება პოზიცია, რომ უნდა გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები. რას წარადგენს ჩვენი ფრაქცია ამ შეხვედრაზე? ეს არის ცხინვალის თემა, სოხუმის თემა, საზღვრის გადმოწევის შეჩერება. ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი ინიციატივა ნატოსთან მიმართებაში და ამ ინიციატივაზე იქნება რუსეთის სათათბიროს წევრებთან საუბარი. ძალიან საინტერესო იქნება ნატოსთვისაც, პირველ რიგში, საინტერესო იქნება რუსეთისთვისაც და სასარგებლო იქნება საქართველოსთვის,“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

რუსი კანონმდებლების ინფორმაციით, შეხვედრისას ყველა თემა განიხილება, თუმცა ხაზგასმით აცხადებენ, რომ სოხუმმა და ცხინვალმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს და ეს მათი განსახილველი აღარ არის.

„საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების ერთი გზა არსებობს – ეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრებია. ვთვლი, რომ ეს არასწორია. ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული, კულტურული და რელიგიური თანამშრომლობის საკითხებს წამოვჭრით, ვისაუბრებთ ასევე ვიზების პრობლემასა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებაზე. რაც შეეხება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, საზღვრების საკითხი, არა მგონია, რომ ამ თემას სერიოზულად შევეხოთ, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. სახელმწიფოებმა, რომლებიც დღეს აფხაზეთად და ოსეთად იწოდებიან, განსაზღვრეს თავიანთი სტატუსი. რუსეთისა და საქართველოს პარლამენტებს ამ საკითხზე საუბრის უფლებამოსილება არ გვაქვს,“ – აცხადებს რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის მოქალაქეებზე რეგულაციები მკაცრდება
შემდეგი სტატიასიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი იქნა მხილებული