ქართველი ბიზნესმენების გაგზავნილი სადეზინფექციო საშუალებები სოხუმიდან ჩამოსულმა ბანდფორმირებებმა გაიტაცეს

„საქართველოს ხელისუფლებას სძინავს!“ - პაატა დავითაია რუსულ პიარგეგმაზე საუბრობსოკუპირებულ აფხაზეთში გვირგვინიანმა ჭირმა მყარად მოიკიდა ფეხი. დავირუსებულ აფხაზებს „მფარველმა“ რუსეთმა საზღვარი ჩაუკეტა. ღვთის ანაბარა მიტოვებული აფხაზები ისევ საქართველოს იმედად არიან. ქართველები, ალბათ, გაუწვდიან მათ დახმარების ხელს. მანამდე კი კორონავირუსით დაავადებულ აფხაზებს სამედიცინო მომსახურებას ვეტერინარები აღმოუჩენენ.
რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში? როგორ გაიტაცეს გალელებისთვის განკუთვნილი დახმარება სოხუმში? რამდენი ადამიანია საშინელი ჭირით ინფიცირებული ენგურსგაღმა? – ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია ესაუბრება:

ბატონო პაატა, აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რა ხდება ენგურსგაღმა საქართველოში?
– დღეს აფხაზეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რუსეთმა მათ საზღვარი გადაუკეტა და პირდაპირ უთხრა, – თქვენ თვითონ იმკურნალეთ აფხაზეთშიო. რუსეთიდან ბევრი რუსი გამოექცა კორონავირუსს, მაგრამ აფხაზეთში უფრო მძიმე მდგომარეობა დახვდა და უკან ბრუნდება. რუსები მხოლოდ იმ ადამიანებს ატარებენ ფსოუზე, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ვინმეს თუ აფხაზეთის მოქალაქეობაც აქვს, მას რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.
კორონავირუსთან გასამკლავებლად ოკუპირებულ რეგიონში საავადმყოფოები მზად არ არიან. ამის გარდა, ექიმებმა არ იციან, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ამ ვირუსს. მათ არც მედპერსონალი ჰყოფნით. კორონასთან საბრძოლველად საგანგებო ბრძანება გამოიცა, სადაც წერია, რომ ამ ვირუსთან ბრძოლას ვეტერინარები უხელმძღვანელებენ.
– ვეტერინარები კორონავირუსთან რა კავშირში არიან?
– ექიმები არ ჰყავთ, ელემენტარულად და ამიტომ გამოსცეს ასეთი ბრძანება. ხომ წარმოგიდგენიათ, რაც ხდება.
ცოტა ხნის წინათ საქართველოს ხელისუფლებამ და, მასთან ერთად, ქართველი ბიზნესმენების ნაწილმა გალის ქართულ მოსახლეობას პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები მიაწოდა. რა მოხდა? სოხუმიდან ჩამოვიდნენ შეიარაღებული ჯგუფები და გალში მცხოვრებ ქართველებს ეს დახმარება წაართვეს. ქართველების გაგზავნილი დახმარება ქართველებს არ შეხვდათ.
საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაეხმაროს აფხაზეთის მცხოვრებლებს, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ადვილია. ენგურს აქეთ გადმოსვლა რთულია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ე. წ. საზღვარს რუსები სრულად აკონტროლებენ. პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გალის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათ დასახმარებლად. ამ მიმართულებით კარგად მუშაობენ, მაგრამ რასაც ქართველებს ვაწვდით, ის სოხუმში მიაქვთ.
– თუ არის ცნობილი, რამდენი ადამიანია ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული?
– ზუსტი მონაცემები არ ვიცი, მაგრამ ძალიან მძიმედ არის საქმე. კორონა მძვინვარებს, მაგრამ აღრიცხვიანობა არ არის. ამ დღეებში გავრცელდა გულრიფშის საავადმყოფოს მთავარ ექიმ აჩბას მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ ამ ვირუსთან საბრძოლველად არანაირი საშუალება არ გააჩნიათ. ის ხალხს სთხოვს, სახლებში დარჩეს და ასე დაიცვას თავი. ვნახე სოხუმის კადრები და ქალაქი, ფაქტობრივად, დაცლილია, ადამიანები ქუჩაში არ დადიან.
– დიდი რუსეთი საერთოდ არ ეხმარება აფხაზებს?
– არა. პირდაპირ უთხრეს, ჩაიკეტეთ აფხაზეთში და საკუთარ თავს თვითონ მიხედეთო. რუსეთის სათათბიროში ორმა დეპუტატმა გააკეთა განცხადება, რომ აფხაზებს უნდა დავეხმაროთო და ამით დამთავრდა ყველაფერი.
– რუსეთის ასეთი დამოკიდებულება აფხაზებს, ალბათ, თვალებს ვერ აუხელს. ისინი კრემლის სახით კვლავ მხსნელს დაინახავენ.
– ცალსახად მინდა ვთქვა, რომ რუსეთის ასეთი დამოკიდებულება აფხაზებს გონებას ვერ გაუნათებს. აფხაზეთში ეპიდემიამ თუ კიდევ უფრო მძიმე სახე მიიღო, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს მათთვის დახმარების გაწევა. მხოლოდ იმათზე არაა საუბარი, ვინც აქეთ გადმოვა, ადგილზეც უნდა დაეხმარონ, ოღონდ არ ვიცი, ეს როგორ უნდა გააკეთონ. აფხაზეთის მცხოვრებლებს ქართული მხარის იმედი აქვთ. ასე რომ არ ყოფილიყო, ავადმყოფი ადამიანი ენგურს არ გადმოცურავდა. თან იგი სიცხიანი და კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მას ქართველები დახვდნენ და ახლა მკურნალობენ.
დღეს აფხაზეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა. მე არ ვიცი, თუ როგორ შეძლებენ აფხაზეთში ოპერირებას, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ აქედან წასული დახმარება, პირველ რიგში, ქართულ მოსახლეობას მოხმარდეს. ვიღაცამ შეიძლება, ეს სხვანაირად გაიგოს და რაღაც დამაბრალოს. მე აფხაზი მეუღლე მყავს და აფხაზებზეც სხვაზე მეტად შემტკივა გული, თუმცა ვფიქრობ, რომ თბილისი, პირველ რიგში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს უნდა დაეხმაროს.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსს დისტანციურად დაადგენენ რა მექანიზმი შეიმუშავეს ქართველმა მეცნიერ-გამომგონებლებმა?
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: გვყავდა კრიტიკული ორი და ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული დაგვრჩა ერთი