ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე და ეკლესიის კრიტიკა

ძვირფასო საზოგადოებავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებო და საქართველოს მოქალაქენო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკლესიის აწმყო და მომავალი, ყველას გულითადად მოგილოცავთ განკაცებული ძე ღმერთის ბეთლემში ღვთაებრივი და იდუმალი შობის დიდებულ დღესასწაულს! გიხაროდეთ, ქრისტე იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი მარდიული სიცოცხლის, ზეციური შობის, ადამიანის განღმრთობისა, სიკეთის მიერ ბოროტების დაძლევის და დამარცხებისა! ბეთლემის ანგელოზთა საგალობელი რჩება მარადიულ ჰიმნად და კაცობრიობის მიზნად: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!”
ჩვენ, როგორც ქრისტეს სახელით აღბეჭდილები და ეკლესიის წევრნი, ვალდებულნი ვართ ვზრუნავდეთ ეკლესიის ჯანსაღი მდგომარეობისათვის და ფხიზელი თვალით ვაკვირდებოდეთ ეკლესიის მწყემსების, ანუ სასულიერო იერარქიის ქმედებებს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ეკლესიის გარშემო არსებულ პრობლემებზე გვიწევს ყურადღების გამახვილება, მაგრამ ჩვენ, როგორც ქრისტეს მისტიური სხეულის-ეკლესიის წევრნი ვგრძნობთ ღვთივმონიჭებულ ვალდებულებას, რათა დედა ეკლესიის ჯანსაღ მდგომარეობაზე ვზრუნავდეთ და განსაკუთრებით ფხიზელი თვალით ვაკვირდებოდეთ სასულიერო იერარქიის ქმედებებს, რომელნიც ქრისტემ უპირველესად თავისი სამწყსოს მწყემსებად დაადგინა.

ჩვენი – თეოლოგების საშობაო ეპისტოლის, ანუ წერილის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სავალალო და კრიზისული მდგომარეობის გაანალიზება და მსჯელობა, მის ირგვლივ ობიექტური სადისკუსიო გარემოს შექმნა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით წმინდა სინოდისათვის გამუდმებით იმის შეხსენება, რომ მათი უპირველესი სახარებისეული მისია ეკლესიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების განხორციელება და პრევენციეული სტრატეგიების შემუშავებაა.
დანანებით უნდა ითქვას, რომ ყველა პრობლემის სათავე და მიზეზი არის პირველიერარქის მხრიდან საეკლესიო მმართველობის აბსოლუტური მიტაცება, რომელიც წმინდა სინოდს თითქმის ყველანაირ უფლებას ართმევს. ერთპიროვნული მმართველობის პრინციპი გამყარებულია საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ე.წ. მართვა-გამგეობის 1995 წლის დებულების ძალით, სადაც შავით თეთრზე ვკითხულობთ, რომ კრებათა (სინოდი) შორის პერიოდში, რომელიც თითქმის მთლიან კალენდარულ წელს მოიცავს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განაგებს ერთი ადამიანი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სწორედ ეს დამღუპველი პრაქტიკა გრძელდება დღემდე, რომელშიც წმინდა სინოდის ინდიფერენტული და კონფორმისტულად განწყობილი ეპისკოპატიც არანაკლებადაა დამნაშავე, რასაც ხელს უწყობს მათი უმეტესობის არაკომპეტენტურობა, სათანადო თეოლოგიური განათლების არქონა. ასეთი ერთპიროვნული მმართველობის დადასტურებაა ე.წ. მოსაყდრის დადგინება, რომელმაც შელახა წმინდა და დიდი სჯულისკანონი, საეკლესიო ტრადიცია და ღვთივსულიერი მდგენელი. ორხელისუფლებიანობა და ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის ყოფნა საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა და დიდი სჯულის კანონის მიხედვით (მოციქ. 14; I მსოფ.8; II მსოფ. 2; ანტიოქ. 13, 22; III მსოფ. 8; ტრულის 20) ყოვლადდაუშვებელ ანტიკანონიკურ ფენომენს წარმოადგენს. საეკლესიო ტრადიციის, განწესებისა თუ სწავლების თანახმად, გარდა იმისა, რომ საკუთრივ მოსაყდრის ინსტიტუტი ადგილისმცველის (ბერძ. “ტოპოტირიტის”, რუს. “მესტობლიუსტიტელ”) პროფანაციაა, თავად დასახელების ფორმაც კი დაირღვა (მოციქულთა 34-ე კანონი), რაც ავალდებულებდა პატრიარქს, რომ იმპერატიულად და ერთპიროვნულად არ იმოქმედოს არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სინამდვილისთვის “მოსაყდრის” ინსტიტუტი მართვა-გამგეობის დებულებით დეკლარირებულია, იგი წინააღმდეგობაში მოდის, როგორც ზემოთ დასახელებულ კანონებთან, ისე ანტიოქიის კრების 23-ე კანონთან – “ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულს მიახლოებულიც რომ იყოს. თუ ვინმე ამის მსგავსს რასმე ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება. საეკლესიო წესი, რომელიც ამბობს, რომ ეპისკოპოსის დანიშვნა არ შეიძლება სხვანაირად, თუ არა კრების მიერ და ეპისკოპოსთა თათბირის შედეგად, რომლებსაც აქვთ უფლება, გარდაცვლილის ნაცვლად აირჩიონ ვინმე ღირსი საყდრისა, მტკიცედ უნდა იქნეს დაცული”. თუმცა დღეს არც დამდგინებელს და არც დადგინებულს არაფერში ანაღვლებთ ეს საეკლესიო კანონები, თვით საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც დამტკიცებულია 1995 წლის მცხეთის საეკლესიო კრების მიერ, გამორიცხავს მოქმედ პატრიარქს ჰყავდეს მოსაყდრე, არამედ მოსაყდრე დგინდება პატრიარქის გარდაცვალების, ან გადადგომის დროს, რადგან მოსაყდრის ერთადერთი ფუნქცია ამ დებულების მიხედვით არის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების ორგანიზება და დაქვრივებული საპატრიარქოს დროებითი ადმინისტრირება.
გვსურს მიმოვიხილოთ ის საკითხები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან განხილვის თემად იქცა და რიგ შემთხვევებში ჩვენი მოქალაქეების პოლარიზებას, შფოთს და სულიერ დაბრკოლებას შეუწყო ხელი.
ციანიდის საქმის სკანდალურმა აფეთქებამ ერთბაშად წარმოაჩინა საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე ფარული და დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის.
მზის სინათლეზე გამოვიდა მაღალი იერარქიის არაერთი წარმომადგენელი, რომელნიც ერთმანეთის სულიერ/მორალური განადგურებისათვის არაფერს იშურებდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ საქმის გარშემო გამოძიება ბუნდოვნად წარიმართა და პოლიტიკური სარჩულიდან გამომდინარე ლოგიკურად დასრულდა – დღემდე ციხეში რჩება დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არც კი ნახულობს და მთელი საპატრიარქო გაუგონარ გულცივობას ამჟღავნებს მისდამი.
ამასთან, მეტად შემაშფოთებელია მღვდელმთავართა ზღვარდაუდებელი ფუფუნება, განცხრომა და კომფორტი. ფაქტობრივად თითოეული მათგანი არის მილიონერი ბიზნესმენი, რაც კიდევ უფრო დიდ უფსკრულს აჩენს მრევლსა და იერარქიას შორის, მით უფრო იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. სოციალური უთანასწორობა და ქონებრივი დიფერენციაცია ძალზე დიდ დარტყმას აყენებს საზოგადოების ნდობას ეკლესიისადმი, რომელსაც არავითარი სოციალური დოქტრინა და საქველმოქმედო ხედვა არ გააჩნია. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ ყოველდღიურად მასმედიის საშუალებით, ფაქტოლოგიურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვრცელდება ეპისკოპოსთა ქონებრივი დეკლარაციები, მათი კარტელური ბიზნეს-სქემები და ზღვარდაუდებელი მომხვეჭელობა, რაც ერთობ დამაზიანებელია ეკლესიის ამქვეყნიური მისიის პირნათლად აღსრულებისათვის.
ვგმობთ საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პირდაპირი და ცხადი მონაწილეობისთვის (იხ. არქიმ. კირიონ ონიანის ქმედებები, საპატრიარქოს პრესპიკერ დეკ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებები და ა.შ.), რომლის შედეგად ორი ხანდაზმული მეცნიერი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ციხეში გამოამწყვდიეს. საქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში წარსდგა, როგორც ბრალმდებელი და ეს ადამიანები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ამასთან, პრესცენტრის ხელმძღვანელმა – დეკ. ანდრია ჯაღმაიძემ გამოთქვა მზაობა და წინასწარი ანონსი დამატებით სხვა პირთა დაპატიმრებისა, რაც შინაარსობრივად ძალზე გამაოგნებელ სიშლეგეს და თავხედობას გულისხმობს განმცხადებლის მხრიდან.
გვაშფოთებს საქართველოს საპატრიარქოს გულგრილობა, რომელსაც იგი იჩენს საკუთარი სასულიერო პირებისა და მრევლის წინაშე. იგი (საპატრიარქო) ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე, ბედის ანაბარა ტოვებს თვით ავადმყოფ და აუცილებელი მკურნალობის საჭიროების მქონე სამღვდელოებას, რომელთა შესახებ სოცქსელში და მასმედიაში პერიოდულად ჩნდება ხოლმე ქველმოქმედების თხოვნა-მუდარები მოსახლეობის მისამართით. საპატრიარქო პრაქტიკულად არ ეწევა ჰუმანიტარულ და სოციალურ მისიას, რაც ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა, აურაცხელი საეკლესიო ქონება და შემოსავლები საპატრიარქოსავე შავ ხვრელში იკარგება. ეს შავი ლაქა მკვეთრად გამოჩნდა მიმდინარე პანდემიის დროს, მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირების პირადი ენთუზიაზმით აღსულებულ ქველმქმედებისა.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საპატრიარქო მსოფლიოში ერთადერთი ეკლესიაა ინსტიტუციურ დონეზე, რომელიც არანაირ რეალურ ქველმოქმედებას არ ეწევა და მხოლოდ ქონების მოხვეჭაზეა ორიენტირებული. მაშინ როდესაც სხვა ეკლესიებმა (საბერძნეთის, რუმინეთის და ა.შ.) მილიონობით ევროს და დოლარის ქველმოქმედება გასწიეს საკუთარი ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებების და გაჭირვებული მოსახლეობისადმი მარტო 2020 წელს.
უკიდურესად აღმაშფოთებელია საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულება სასულიერო განათლებისადმი. მაგალითისთვის თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის მოყვანაც შეიძლება. გარდა იმისა, რომ იქ არსებული სისტემა დიდწილად აზიანებს სტუდეტებს და ერთ იდეოლოგიზირებულ ყალიბში აქცევს მათ, დღემდე სასწავლებელს ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და პედაგოგებისადმი ინტენსიურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რომლის შესახებაც მრავალჯერ, არაერთი სტუდენტისა თუ სხვათა საჩივარია საპატრიარქოში შესული, თუმცა რეაგირების გარეშე დარჩენილი. თბილისის სასულიერო სემინარიას დღემდე არ გააჩნია სათანადო შენობა, იმის მიუხედავად რომ უკვე მრავალი წელია სახელმწიფომ ეკლესიას დაუბრუნა თბილისის რუსული სემინარიის დიდებული ისტორიული შენობა ვაკეში, რომლის რემონტი მრავალი წლის მანძილზე საეჭვოდ გაჭიანურდა და საჭიროა ფინანსური აუდიტის ჩატარება, რადგან დიდი ალბათობით, მისი რეაბილიტაციისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მილიონები გაიფლანგა და დატაცებულია მავანთა მიერ.
განათლების ირგვლივ არსებულ პრობლემებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით საპატრიარქოს მიზანმიმართულ ქმედებას გამოიყენოს ბავშვები საკუთარი იდეოლოგიის გავრცელების და გამყარების მიზნით. იგი მათში პატარაობიდანვე აყალიბებს მტრის ხატს განსხვავებული ადამიანების და საზოგადოების გარკვეული ნაწილების მიმართ, რაც პერსპექტივაში ზრდის ბავშვებში ძალადობისადმი მიდრეკილებას.
სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო ეკლესიას ისე აღიქვამს, როგორც პრივატიზებულ კორპორაციას. ეს ტენდენცია, ყველაზე უფრო ნათლად სჩანს კვალიფიციური თეოლოგების მიმართ და უდიერ დამოკიდებულებაში, როცა მავანთა მხრიდან ხდება მუდმივი მცდელობა მათგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირთა სტიგმატიზებისა, იგნორირებისა და გარიყვისა. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოსაყოფია დეკ. ანდრია ჯაღმაიძის აგრესიული და მოიერიშე დამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ისახავს – როგორმე ჩაახშოს ობიექტური, არგუმენტირებული და მამხილებელი ხმა ოპონენტთა დისკრედიტაციის მცდელობით. ეს ყოველივე ხორციელდება იმ ფონზე, როცა რამდენიმე წლის წინ, სემინარია-აკადემიაში “მოღვაწე” პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს, საზეიმო ვითარებაში, სრულიად ხელოვნურად და სასაცილოდ, დაჩქარებული წესით, საღვთისმეტყველო/აკადემიური ხარისხები “მიანიჭეს”, რომელთაც ჯერ კიდევ არანაირი საღვთისმეტყველო შრომა არა აქვთ დაწერილი და, შესაბამისად, არ გააჩნიათ სათანადო აღიარება სამეცნიერო წრეებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს რეალობაში ძალზე ხშირია საეკლესიო ამბიონებიდან ფსევდო-პატრიოტული (ეთნო-ფილეტიზმის ერესი), ცრუ-მესიანისტური, ანტისემიტური, ქსენოფობიური და შოვინისტური იდეოლოგიის ომახიანი ქადაგება, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცნობიერებას. მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის ამგვარი წახალისება წარმოადგენს იდეოლოგიურ და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს. მისთვის დამახასიათებელია პატრიოტული პოპულიზმი და მტრის ხატის შექმნა. ჭეშმარიტი რწმენა კი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს იდეოლოგიად. დაუშვებელია რელიგიის იდეოლოგიზება, რომელიც ფსევდოეროვნული და ფაშისტური იმპულსებით ტოტალიტარულად ზემოქმედებს ადამიანთა ფსიქიკაზე.
სასულიერო პირთა რიტორიკაში თვალშისაცემია კათოლიკოს-პატრიარქისადმი არსებული მკრეხელური პიეტეტი და მისთვის უცდომელობისა თუ შეუვალობის პრიმატის მინიჭების მცდელობა, რაც გულისხმობს მისდამი დამახინჯებულ და მაამებლურ დამოკიდებულებას. ყოველივე ეს ფეტიშიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის ხასიათს ატარებს და ემსახურება კარიერისტულ და მერკანტილურ ინტერესებს, როცა კი ქება-დიდების სანაცვლოდ ესა თუ ის კლირიკოსი თანამდებობრივად წინაურდება.
სრულიად მიუღებელია საქართველოს საპატრიარქოს ძალადობრივი ქმედებანი არაერთი სასულიერო პირისადმი, რომელთა უკანონო განკანონება სხვადასხვა დროს წმინდა სინოდის ხელით აღსრულდა და რომელსაც მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის ან რომელიმე გავლენიანი იერარქის პირადი მოტივი ედო საფუძვლად.
გვსურს გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს კიდევ ერთ უსამართლობას, რომელიც მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) უკანონოდ დასჯას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია განვაცხადოთ შემდეგი: 1) ნებისმიერი მღვდელმთავრის განყენება/განკვეთის პრეროგატივა კათოლიკოს-პატრიარქს აქვს მიტაცებული! შესაბამისად, ვერდიქტის ვალიდურობა იმთავითვე პრობლემურია, როცა მისი გამოტანა “ერთმმართველი აბსოლუტის” იმპერატიული ნების უზენაესობით ხდება და არა სინოდური ანუ კრებსითი წესით;
2) როდესაც სჯიან ბრალმდებელს (მიტრ. პეტრეს) ისე, რომ არ მას უსმენენ და არც კი აძლევენ აძლევენ საშუალებას წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ეს არის კანონიკური ნონსენსი, პროცედურული კაზუსი და ალოგიკურობა, რამეთუ მღვდელმთავარს (და ეკლესიის ნებისმიერ სხვა წევრს) აუცილებლად უნდა მიეცეს ბრალის წარდგენის შესაძლებლობა, სწორედ სამართლებრივი გზით, წმინდა სინოდის ფორმატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია რატომ ეკისრება მას ეპიტიმია (სასჯელი) და რა უნდა მოინანიოს მან, რომელიც ირწმუნება, რომ ეკლესიაში არსებულ საეკლესიო დანაშაულებზე აქვს საკმარისი სამხილი და მტკიცებულება და მისი მიზანი ეკლესიაში ფესვგადგმული სიმახინჯეების წინააღმდეგ ბრძოლაა;
3) მრავალჯერადი მსჯავრი (I. აეკრძალოს მღვდელმოქმედება; II. განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან; III. განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად; IV. გაირიცხოს სინოდის წევრობიდან) არღვევს ეკლესიის ძირეულ სამართელბრივ პრინციპს, რომელიც განმტკიცებულია მოციქულთა 25-ე და ბასილი დიდის მე-9-ე კანონებით: “შურს ნუ იძიებთ ერთი რაიმესათვის ორჯერ” (ნაუმ. 1.9.). ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს საეკლესიო სასამართლო (ანუ დიკასტერია) და კანონიკური პროცედურები სრულიად დარღვეულია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მმართველის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) კრიმინალური შემთხვევა, როცა საპატრიარქოს კონიუქტურამ პრაქტიკულად მიაჩუმათა პედოფილიის უმძიმესი გამოვლინება და ერთგვარი იმუნიტეტით და ხელშეუხებლობით უზრუნველყო იგი იმისათვის, რათა არ მომხდარიყო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დამნაშავე მღვდელმთავრის მიცემა. ამასთან, არც ეს იკმარეს და იგი კვლავ დატოვეს წმ. სინოდის წევრად, რაც უხეში დარღვევაა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა, რომლის თანახმადაც, წმ. სინოდის წევრები მხოლოდ ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები არიან.
ამასაც არ დასჯერდნენ და მიტრ. სერაფიმეს საპატრიარქოს გამოცემებში (კალენდრები, ვებგვერდი და სხვა) ყველგან უწოდებენ “ტიტულოვან მიტროპოლიტს”, რაც დიდი უმეცრებაა: ეს ტერმინი ეწოდება იმ უეპარქიო მღვდელმთავარს, რომელსაც რომელიმე გაუქმებული ეპარქიის ან ისტორიული ადგილის ტოპონიმის ეპისკოპოსის (მიტროპოლიტის) წოდება აქვს სიმბოლურად მინიჭებული, როგორც მაგალითად ამჟამად, მიტრ. ვახტანგ ახვლედიანს ცურტაველობა და მთ. ეპ. დავით ტიკარაძეს ადიშელობა. მიტრ. სერაფიმეს კი არანაირი სიმბოლური კათედრა არ მინიჭებია, შესაბამისად “ტიტულოვანი” -ს დამატება ზედმეტია მასზე და კიდევ ერთხელ საპატრიარქოს ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობას ააშკარავებს. სექსუალური დანაშაულისათვის ეპარქიიდან გაქცეულ-გადაყენებული, უკათედრო მღვდელმთავრის სინოდის წევრად დატოვება უპეცედენტო მოვლენაა მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში.
ობიექტურინი თუ ვიქნებით, დავინახავთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში სიჩუმე სისტემის არსებობის მნიშვნელოვან გარანტად ითვლება და ვინც მას არღვევს, მხოლოდ ის ისჯება. სხვა მხრივ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ნებისმიერ ცოდვასა და უკეთურებას ჰპატიობს პატრიარქოცენტრული რეჟიმი ყველას!
ამასთან, ძალზე საინტერესოა საქართველოს საპატრიარქო, უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქი და ეპისკოპატი რატომ არასდროს არ აფიქსირებენ ოფიციალურ პოზიციას საქართველოში მაფიოზური, ე.წ. ქურდული სინდიკატებისა და ორგანიზებული დანაშაულის წევრების შესახებ? ამდენად, ჩნდება რამდენიმე რიტორიკული შეკითხვა: “ქურდული სამყარო” ეკლესიის მიღმაა და ანათემის ღირსია თუ ეკლესიის ნაწილია?
დაშვებულია თუ არა მათგან (ე.წ. “კანონიერი ქურდებისგან”, “ძველი ბიჭებისგან”, “კაი ბიჭებისგან”) შემოწირულობის მიღება (უამრავი ფაქტი ვიცით ასეთი) და თუ ნებადართულია, რა არგუმენტით?
ქურდული სამყაროს წევრისგან შემოწირულობა, არის თუ არა ერთგვარი ინდულგენცია? საქართველოს საპატრიარქოს არასოდეს ამოუღია ხმა არსებული ხელისუფლებების მიერ სხვადასხვა დროს ჩადენილ დანაშაულობებზე, უსამართლო სასამართლო სისტემაზე, სახელმწიფოს ჩინოვნიკთა მომხვეჭველობაზე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაცვისათვის, სახელმწიფო უწყებების (პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, იუსტიცია) დაჩაგრული და გამწარებული ადამიანების დასაცავად.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულებრივია საქართველოს საპატრიარქოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, ისტორიული საეკლესიო შენობა-ნაგობების (ტაძრები, სამონასტრო კომპლექსები, მონასტრებად მითვისებული ციხე-სიმაგრეები, ისტორიული რეზიდენციები/სასახლეები) იურიდიული მესაკუთრის გულგრილობა და დანაშაულებრივი მოპყრობა ამ ეროვნული საუნჯისადმი. თვალსა და ხელს შუა ნადგურდება უამრავი ისტორიული არტეფაქტი კუსტარულად წარმოებული თვითნებური რემონტებითა და მშენებლობებით, რითაც ეპისკოპოსები და მღვდლები სისტემატურად არღვევენ საქართველოს კანონს კულტურული მემკვდრეობის შესახებ. არაერთ ტაძარში (ზედაზენი, კაზრეთი, ლიხაური, რუისის წმ. დიმიტრი და სხვა) ბოლო 20-30 წლის მანძილზე სასულიერო პირებმა გადალესვის, ან მოხატვის საბაბით ჩამოფხკეს ძველი ფრესკები, გაანადგურეს საფლავები, საფასადე წყობა, ავთენტური იატაკი და შეცვალეს კომპლექსების ისტორიული გეგმარება და განაშენიანება. სახელმწიფოს უსუსური მცდელობა შეეჩერებინა უვიცი და არაკომპეტენტური სასულიერო პირების თვითნებობები სრული კრახით დასრულდა (იხ. მაგალითად ურბნისის და ყინწვისის ეროვნული კატეგორიის მქონე ძეგლების მასობრივი დაზიანების შემთხვევათა ისტორია უკანასკნელი 10-12 წლის მანძილზე). სულ ბოლოს, გასულ 2020 წელს გამოვლინდა ნავთლუღის წმ. ბარბარეს ზემო ეკლესიის კატასტროფული დამახინჯების და იქ არსებული თავადი სუმბათაშვილების საფლავების განადგურების ფაქტი ადგილობრივი წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზაშვილის მიერ. ჩვენთვის უცნობია, რა კანონიკური სასჯელი დაადო საფლავთა მაოხრებელ და ისტორიის გამანადგურებელ მღვდელს საპატრიარქომ, რადგან საპატრიარქოს არ ჩაუთვლია თავი ვალდებულად ამ საკითხზე განცხადება გაეკეთებინა საზოგადოების წინაშე, მაშინ როდესაც ისინი ხშირად აქვეყნებენ განცხადებებს მრავალ საჭირო, თუ არასაჭირო საკითხებზე. სჩანს, რომ მათთვის უფრო ღირებული სხვა პოლიტიკური, ქონებრივი თუ საზოგადოებრივი საკითხებია, ვიდრე საქართველოს ისტორია, ეროვნული საეკლესიო მემკვიდრეობა და წინაპართა საფლავები, რომლის მოვლა-პატრონობაზე როგორც ძეგლის მესაკუთრეს, საპატრიარქოს პირდაპირი ვალებულება აქვს სახელმწიფოსა და ერის წინაშე.
საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც კომუნისტურ-სტალინისტური ფორმაციის ინსტიტუციის და პიროვნების, პრორუსული სულისკვეთება საუკეთესოდ გამოვლინდა ჯერ 2016 წელს მსოფლიო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრეტის დიდ და წმინდა კრებაზე ბოლო წუთებში ბოიკოტირებით ეკლესიის ისტორიაში არნახული ფაქტი მოხდა: კრების მოსამზადებელ დოკუმენტების სრულ უმრავლესობაზე დატანილი საკუთარი ხელმოწერები და კრებაზე გამგზავრების სინოდური დადგენილები ბოლო მომენტში გააბათილეს, რითაც საქართველოს საპატრიარქომ ობსტრუქცია მოუწყო საერთომართლმადიდებლურ დიდ და წმინდა კრებას, ლახვარი ჩასცა მართლმადიდებლობის ერთიანობას და თავი განაშორა “ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისგან”, რომლის ერთიანობაც გარდა ევქარისტიისა, საეკლესიო კრებებითაც აუცილებლად უნდა გამოიხატებდეს. ეს ყოველივე პირდაპირ იყო რუსული დავალება, რომელიც მიზნად ისახავდა კონსტანტინოპოლის უპირველესი საყდრის დამცირებას და დასუსტებას, რათა მისი ისტორიული და კანონიკური პირველობა მართლმადიდებლურ სამყაროში დამხობილიყო იმპერიალისტური მოსკოვის საპატრიარქოს სასარგებლოდ. თუკი ეს ანტიეკლესიური ობსტრუქცია 2016 წელს შეფერადებული იყო ფსევდო თეოლოგიური ფუნდამენტალისტური მოსაზრებებით, საპატრიარქოს პრორუსული სულისკვეთება განსაკუთრებით თვალნათელი გახდა პოლიტიკური და საეკლესიო ასპექტებით 2018 წლიდან დღემდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გამო. გარდა იმისა, რომ არაერთმა მიტროპილიტმა და ეპისკოპოსმა (ქუთაის-გაენათის იოანე გამრეკელი, სხალთის სპრიდონ აბულაძე, ახალქალაქ-კუმურდოს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ცაგერი-ლენტეხის სტეფანე კალაიჯიშვილი, ნეკრესის სერგი ჩეკურიშვილი…) საჯაროდ გაიმეორეს რუსული ნარატივები და იდეოლოგიური კლიშეები, ღიად გაისმოდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც განსაკუთრებთ აქტიურია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მღვდლების (დეკ. დავით ისაკაძე, აწ გარდაცვლილი დეკ. დავით ქვლივიძე და სხვანი, რომლებიც, ძირითადად, მცხეთა-თბილისის საპატრიარქო ეპარქიაში მსახურობენ წინამძღვრებად და მღვდლებად) ქადაგებებში, რომლებიც აქტიურად ვრცელდება ინტერნეტით და საეკლესიო ბეჭდური გამოცემებით. ამ საერთო პრორუსულ რიტორიკას ბოლო პერიოდში დაუფარავად შეუერთდა საპატრიარქოს ოფიციალური გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი” და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუკის გვერდი. მათი რუსულიდან თარგმნილი სტატიები და ნიუსები პირდაპირ ემსახურება რუსული იდეოლოგიის დანერგვას საქართველოში.
ეს ყოველივე მხოლოდ ნაწილია იმ დიდი პრობლემებისა და სულიერი სნეულებებისა, რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ამ პოსტსაბჭოთა ეპოქაში მემკვიდრეობად გამოჰყვა საბჭოთა სტრუქტურებისა და კგბ-ს მიერ შერჩეული კადრების წყალობით. უკიდურესად ვწუხვართ, რომ შობის დიდებულ დღესასწაულს საქართველოში ეკლესიას ჩრდილავს ეს უკურნებელი სნეულებანი. ვიტოვებთ ზებუნებრივ იმედს, რომ საღმრთო ნებით და სულიწმინდის ზეგარდამო შეწევნით ქართველს ერს, როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს, აღმოაჩნდება რწმენა, გონიერება და ძალა ამ სატკივართაგან განსაკურნებლად და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუციური და სულიერი გაჯანსაღებისათვის, საეკლესიო წესრიგის და მორალური სიწმინდის დასამყარებლად, რათა საღმრთო მცნებისამებრ ერთი გულით და ერთი პირით ვადიდოთ უფალი და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის და ქვეყნის სულიერ აღმშენებლობას, რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიური და პოლიტიკური კლანჭებიდან მის სრულ გათავისუფლებას, რათა საქართველომ დაძლიოს არსებული ფუნდამენტური პრობლემები, იქცეს მსოფლიო ცვილიზებული და განვითარებული სამყაროს ღირსეულ ნაწილად, სადაც ეკლესია თავის მისიას პირნათლად შეასრულებს ღვთისა და ერის წინაშე.

შობა ქრისტესი, 2021.
თეოლოგები:
ზვიად ცაბაძე
გიორგი ტიგინაშვილი
ვლადი ნარსია
გოჩა ბარნოვი
გურამ ლურსმანაშვილი
დავით თინიკაშვილი
ვანო შოშიაშვილი
მიხეილ ნებიერიძე
დავით ნებიერიძე

გიორგი გეგუჩაძე
რატი ბიგანიშვილი
გურამ პაპავა
მიხეილ ნებიერიძე
გოგა ესიავა
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები:
ბექა ჭიჭინაძე
შოთა მათითაშვილი

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 იანვრისთვის – დოლარი – 3.3001 ლარი, ევრო – 4.0713 ლარი, ფუნტი – 4.5102 ლარი
შემდეგი სტატია“თქვენი მეცენატობა აღიარეს” – პრეზიდენტი ივანიშვილს