ქართველ თეოლოგთა ნაწილი სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს

ქართველ თეოლოგთა ნაწილი სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს. “თაიმერი” ეპისტოლეს ტექსტს სრულად გთავაზობთ:

აღდგომა ქრისტესი მარადიული სიცოცხლის, სიხარულის და იმედის საფუძველია!

აღდგა მკვდრეთით ქრისტე და დაამხო სიკვდილი!

აღდგა ქრისტე და გახსნა დახშული კარი სამოთხისა!

აღდგომა არის ადამიანური ბუნების განახლებისა და განღმრთობის უტყუარი ნიშანი, რომელსაც ყოველი პიროვნება საკუთარი არჩევანით უნდა შეუერთდეს და თანაზიარი გახდეს მისი ბრწყინავი წყვდიადისა. აღდგომის სიხარული, უპირველესად, ეკლესიამ უნდა გაუნაწილოს ყოველ ქრისტიანს, მაგრამ იმდენად დასნეულდა ჩვენი ადგილობრივი ეკლესია, რომ ის აღნიშნულ მოწოდებას სათანადოდ ვეღარ ახერხებს საკუთარი ონტოლოგიური ბუნებით მისიონერობის გზაზე. ამის მიზეზებს კი მოცმულ ეპისტოლეში, ქვემოთ, უფრო დაწვრილებით წარმოგიდგენთ.

თეოლოგთა საშობაო ეპისტოლის შემდეგ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სააღდგომო ეპისტოლეში გამოსავლის გზებზე გვესაუბრა, მაგრამ მოვლენათა დრამატულად განვითარებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, გვაიძულა, კვლავ პრობლემათა განხილვას დავბრუნებოდით.

პერიოდმა შობიდან – აღდგომამდე გამოკვეთა უმძიმესი გადაცდომანი სასულიერო პირთა მიერ და საქართველოს საპატრიარქოს უკანონო, მიკერძოებული, არაადექვატური და უსამართლო ქმედებანი.

კვლავ აქტუალურია ე.წ. “დავითგარეჯის საქმე” და საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულება მისდამი. ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გამოშვების შემდეგ, აშკარა და ღია მუქარაზე გადავიდნენ პროკურატურის მიმართ. საპატრიარქოს ასეთი ქვენა ზრახვების მიზეზი საზოგადოების კონსოლიდაცია გახდა, რომელმაც დაკავებული პირების გირავნობის თანხა – 40 000 ლარი რეკორდულ დროში (2 საათი) შეაგროვა. როგორც ცნობილია, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველანი მოუთმენლად ველით.

სასულიერო პირთა, განსაკუთრებით, უმაღლესი იერარქიის წარმომადგენელთა მხრიდან, ანტივაქსერულმა ქადაგებებმა ამბიონებიდან პიკს მიაღწია, რამაც საგრძნობლად დააზიანა მოსახლეობის ვაქცინისადმი ნდობის ხარისხი. წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკლესია პროპაგანდას არ გაუწევს ვაქცინაციას, რაც ზოგიერთმაიერარქმა ვაქცინის ანტიპროპაგანდისთვის გამოიყენა და დღემდე იყენებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე ინარჩუნებს ევქარისტიულ კავშირს რუსეთის ეკლესიასთან, რომელიც სისტემატურად არღვევს ივერიის უძველესი საყდრის კანონიკურ საზღვრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სჯულის კანონის უხეში დარღვევით ადგილზე ახორციელებს საეკლესიო მსახურებას. აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქოს დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებაში აღვივებს გონივრულ ეჭვს, რომ წმინდა სინოდში უხვად არიან რუსული გავლენის აგენტები და რეზიდენტები ჩანერგილნი, რომლებიც საქართველოს საზიანოდ მოქმედებენ.

დიდი შეშფოთება გამოწვია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დეკანოზის – თადეოზ სარალიძის ანტისემიტურმა, ქსენოფობიურმა, არმენოფობიურმა, მიზოგინიურმა, პრორუსულმა და სიძულვილის ენით წარმოთქმულმა საჯარო ქადაგებებმა, რამაც დააზიანა ქრისტეს ეკლესიის პირუთვნელი მისია და საფრთხე შეუქმნა საზოგადოების ნაწილში ჯანსაღი, პატრიოტული, დემოკრატიული ღირებულებებისა და პროგრესული ფასეულობების ჩამოყალიბებას, ხოლო წმ. სინოდმა არ იმსჯელა მასზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2021 წლის 11 თებერვლის წმინდა სინოდის განჩინება, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სინოდის წევრთა უმრავლესობის არაკომპეტენტურობასა და არაკვალიფიციურობას. ეპისკოპატმა: 1)არ განიხილა მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) პატრიარქისადმი წაყენებული ბრალდება, რითაც უხეშად დაარღვია სჯულის კანონის მოთხოვნები; 2)დაუსაბუთებლად და არგუმენტების გარეშე ცილისმწამებლად მოიხსენია დიდ ბრიტანეთში მოღვაწე დეკანოზი ილია ჭიღლაძე თავისი აქტიური, საჯარო და კრიტიკული გამოსვლების გამო საქართველოს ეკლესიაში არსებული მანკიერებების მხილებისათვის; 3)დააპირა მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) “საკითხის შესწავლა” და მისი სავარაუდოდ დასჯა.

საგულისხმოა მეუფე ზენონის პატრიარქისადმი მიწერილი სკანდალური წერილის გამოქვეყნება მედიაში, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათრეული აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქოს ანტიკონსტანტინოპოლურ მოქმედებებში, რომელიც მსოფლიო პატრიარქ ბართლმეოსის საწინააღმდეგო აგიტაციას მოიცავდა.

ამავე განჩინებით ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) განთავისუფლდა ამავე ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან, დაინიშნა ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტად და დროებით შეითავსა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მართვაც. როგორც ვვარაუდობდით, ამ ცვლილებას ჭყონდიდის ეპარქიისა და, ზოგადად, საქართველოს ეკლესიისათვის ქაოსის, დესტაბილიზაციისა და მოვლენათა ესკალაციის მეტი არაფერი მოუტანია.

მიტროპოლიტმა სტეფანემ, უნდოდა რა, რომ ჭყონდიდში “მართლწესრიგი” სწრაფად დაენერგა, ნაჩქარევ, ძალადობრივ და უხეშ ქმედებას მიჰყო ხელი და ერთმანეთის მიყოლებით, ერთპიროვნული იმპერატიულობით დასაჯა (განკვეთა, განაყენა, უზიარებლობით დასაჯა, წინამძღვრობიდან გადააყენა) სასულიერო და საერო პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთაც კითხვების დასმა და მათზე ობიექტური პასუხების მიღება სურდათ სამართლებრივ ფორმატში. მის მეუფებას რატომღაც დაავიწყდა წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის შეგონება: “ჭეშმარიტი მოძღვარი არასოდეს არ თრგუნავს ადამიანის ღვთივბოძებულ თავისუფლებას, ვინაიდან მორჩილება დაფუძნებულია არა ავტორიტეტზე, არამედ სიყვარულზე”.

მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სტეფანემ საკითხთა იურიდიულ სიბრტყეზე განხილვის ნაცვლად, პროვოკაციულ ქადაგებებსა და მოწოდებებს მიმართა, რომელმაც მხარეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა და სხვებმა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მობილიზებულმა ზონდერ ჯგუფებმა ბზობის დღესასწაულზე, სალხინოში, მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენეს სნეულებაში მყოფ დიაკონ ანანია კალანდიას და მრევლის სხვა წარმომადგენლებს. ამავე დღესასწაულზე მოძალადეები გამოირჩეოდნენ მედიის წარმომადგენელთა მიმართ განსაკუთრებული აგრესიით. ამ ყოველივეს ფონზე კი უმთავრესი ტრაგედია არის ის, რომ ეკლესიაში დაიკარგა ჭეშმარიტების დამოწმების საჭიროება, ინსტიტუციონალური გაგება, სახარებისეული სულისკვეთების რწმენა და ემპათია. სიმკაცრემ, რომელიც უსიყვარულოა – წარმოშვა შიზოფრენია, მიზანთროპია და შურისმაძიებლობა მმართველ რგოლში – “ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ” (რომ.1,22).

ჭყონდიდის ეპარქიის დასჯილმა სასულიერო პირებმა აპელაციით მიმართეს წმინდა სინოდს, რომელმაც უნდა განიხილოს მიტროპოლიტ სტეფანეს რევანშისტული, არაკანონიკური და თვითნებური გადაწყვეტილებები.

მოვუწოდებთ წმინდა სინოდს საეკლესიო ერთობის დაცვისა და შფოთის აღმოფხვრის მიზნით: უკან გაიწვიოს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), რადგან ეპარქიაში მისი ჩასვლის დღიდან მდგომარეობა სამარცხვინო და სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა, რაც კონტროლს თითქმის აღარ ექვემდებარება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მსვლელობა მიეცეს მიტროპოლიტ პეტრეს მიერ კათოლიკოს-პატრიარქისადმი წაყენებულ ბრალდებას, თანახმად საეკლესიო კანონიკისა, რათა სჯულის კანონის საფუძველზე დადგინდეს სიმართლე და აღმოიფხვრას გაურკვევლობა. საინტერესოა, რატომ იკავებს თავს ეპისკოპატი და საკუთრივ საპატრიარქოს ადმინისტრაცია გაფართოებული საეკლესიო კრების ფორმატში სასამართლოს მოწვევისაგან, მით უფრო მაშინ, თუკი მიტროპოლიტ პეტრესგან ბრალდებული, მღვდელმთავართა კოლეგიასა და საპატრიარქოს მმართველ აპარატს უმწიკვლოდ, უდანაშაულოდ და შეურაცხყოფილად მიაჩნია. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვა: “სუფთა სინდისის მქონენი”, რატომ გაურბიან მოკვლევასა და მსჯავრს, თუკი ბრალდება ცილისმწამებლურია? დაე, ნათელი მოეფინოს საქმეს და სამაგალითოდ დაისაჯოს „ცრუ ბრალმდებელი”!

საგულისხმოა, რომ მიტროპოლიტმა სტეფანემ სამღვდელოების, მორწმუნე მრევლისა და ჟურნალისტების თანდასწრებით (24.03.2021წ.) მეუფე პეტრეს მიმართ ბრალდების სახით განაცხადა შემდეგი: „თქვენს მეუფეს ჰკითხეთ, რომელსაც იცავთ, იქ, იმ ხევში, ვისთან ერთად ჰყავდა შვილი”. იგი, ასევე, იჩენს მღვდელმთავრულ გულგრილობასა და ცრუმკვეთელობას, როცა ურცხვად აცხადებს: “მე არ მევალება პატრიარქის ცოდვების განხილვა. არც ვიცი, არც შემიძლია, რომ ვიცოდე. თუ საიდანღაც მომაწოდეს, უნდა ვიკითხო, ვის აინტერესებს, ვისი ინტერესებია და რატომ აკეთებს ამას? რატომ მომაწოდეს მე? იქნებ, რაღაცაში მითრევენ?”.

ვაცხადებთ, რომ აუცილებელია მის მიერ გაჟღერებული საკითხის ირგვლივ საეკლესიო კრების, ან ე.წ. “ზნეობრივი კომისიის” ფორმატში დროული რეაგირება, რასაც, პირველ რიგში, უშუალოდ მიტროპოლიტი პეტრეც ითხოვს. II მსოფ. კრების მე-6 კანონის მიხედვით: „ეპისკოპოსის ბრალმდებელმა, ბრალდების წარდგენამდე უნდა დადოს წერილობითი პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს თავის წაყენებულ ბრალდებას, თვით დაისჯება იმ სასჯელით, რომლითაც დაისჯებოდა ბრალდებული ეპისკოპოსი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს, არ შეასრულებს ამ კანონს და მიმართავს სამეფო სასამართლოს, ან საერო მთავრის სამსჯავროს, ან მსოფლიო კრებას, ის არ იქნება მიღებული ბრალმდებლად, როგორც კრების კანონის შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილ წესიერების გამრყვნელი”.

აგრეთვე, მნიშვნელოვანია, კრებამ იხელმძღვანელოს შემდეგ კანონთა შუქზე: IV მსოფ. 9, 21; ანტიოქ. 14; ლაოდ. 40; კართ. 107, 130.

იმ შემთხვევაში, თუ მიტროპოლიტ პეტრეს აღნიშნული მოთხოვნაც უყურადღებოდ დარჩება (რომელიც, თავადვე ითხოვს საკუთარი დნმ-ის ანალიზს) და საპატრიარქო არ დაიწყებს მოკვლევას ბრალის დასადასტურებლად ან უარსაყოფად, ეს კიდევ უფრო მეტ ეჭვსა და შეკითხვას გააჩენს საპატრიარქოს სამდივნოს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

აქვე დავძენთ, რომ იქამდე, ვიდრე არ განიხილება მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წამოჭრილი საბრალდებო საკითხი, წმინდა სინოდს არ აქვს უფლება, მის ნაცვლად დაადგინოს სხვა რომელიმე მღვდელმთავარი ჭყონდიდის კათედრაზე, თანახმად სარდიკიის კრების მე-4 კანონისა. შესაბამისად, აღნიშნულ ეპარქიაში განხორციელებული ნებისმიერი საკადრო როტაცია აღიქმება როგორც უკანონობის გაგრძელება!

ასევე, სრულიად სამარცხვინოდ მიგვაჩნია საქართველოს საპატრიარქოს ქმედება, როდესაც მათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით თითქმის არანაირი ღონისძიება არ გამართეს, რომელიც საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებდა რუსეთის და რუსული ეკლესიის იმპერიალისტურ, ექსპანსიურ და ასიმილაციურ მავნებლობას საქართველოს მიმართ.

კონსტიტუციისა და კანონების სრულ იგნორს და ურჩობას ვხედავთ სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის (ერისკაცობაში გოჩა აბულაძე) გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება, განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება და მონიტორინგი გაუწიონ ჯავახეთში, ნინოწმინდაში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს ბავშვთა სახლს, რომელსაც ზემოთ ხსენებული მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ გამოითქვა არაერთი უმძიმესი ბრალდება, რაც, დადასტურების შემთხვევაში, შეუძლებელს გახდის ბავშვთა სახლზე მის კვლავ მეთვალყურეობას. ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა მდგომარეობაა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლებში, რადგან არავითარი მონიტორინგი და რევიზია არ ხორციელდება აღნიშნულ დაწესებულებებში. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იქ რაღაც ჯანსაღად და კანონიერად ვერ არის და სწორედ ამ ნიადაგზეა გავეშებული მთავარეპისკოპოსი სპირიდონიც, რომელიც უზარმაზარი ფინანსური სუბსიდიებით სარგებლობს, როგორც ეკლესიისთვის განკუთვნილი ოფიციალური საბიუჯეტო დაფინანსებიდან, ისე სხვადასხვა ფონდიდან და კერძო ბიზნესშემოწირულობიდან. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არ ხორციელდება არანაირი აუდიტი და მოკვლევა, არ საჯაროვდება ხარჯთაღირცხვა და თანხების მოხმარების მიზნობრიობა, მაღალი ალბათობით სახეზე გვაქვს ფულის მითვისების კორუფციული სქემა, ხოლო პასუხისმგებელი პირები კი ამ დრომდე ხელშეუხებლობის იმუნიტეტითა და შეუვალობის პრივილეგიით სარგებლობენ. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ომბუდსმენის, ფინანსური პოლიციისა და საგამოძიებო სამსახურების შესვლა საპატრიარქოს შესაბამის უწყებებში, სადაც უმწიფარი და მოზარდი ახალგაზრდობა სრულიად დაუცველი, ექსპლუატაციასა და მონურ მდგომარეობაში მყოფია.

კვლავ პრობლემურია ორი მღვდელმთავრის მსხემობა ერთ კათედრაზე და ე.წ. “მოსაყდრის” (პირველიერარქის მოადგილე, დეკ. ანდრია ჯაღმაიძის თქმით – “მემკვიდრე”) ინსტიტუტის შემოღება, რაც საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა და დიდი სჯულის კანონის მიხედვით, დაუშვებელია. მაგალითად: მოციქ. 14; I მსოფ.8; IIმსოფ. 2; ანტიოქ. 13, 22, 23; III მსოფ. 8; ტრულის 20 და სხვ.

ამასთან, გარდა იმისა, რომ საკუთრივ მოსაყდრის ინსტიტუტი ნონსენსია, მეუფე შიოს შემთხვევაში თავად დასახელების ფორმაც კი დაირღვა (მოციქულთა 34-ე კანონი), რაც ავალდებულებდა პატრიარქს, რომ იმპერატიულად და ერთპიროვნულად არ ემოქმედა არცერთი გადაწყვეტილების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სინამდვილისთვის “მოსაყდრის” თანამდებობა მართვა-გამგეობის დებულებით დეკლარირებულია, იგი ეწინააღმდეგება ზემოთ დასახელებულ უძირითადეს კანონებს.

მოგეხსენებათ, რომ კანონიკური სამართალი ემყარება იმ იურიდიული ნორმების ერთობლიობას, რომელიც მიიღება უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ორგანოების მიერ და ხელს უწყობს საეკლესიო ცხოვრების სწორ მართვასა და რეგულირებას, რაც განსაზღვრულია მსოფლიო თუ კერძო კრებათა ფორმატში,რომელსაც მონაწილეებთან ერთად სულიწმინდა ადგენს. იგი წარმოადგენს წმინდა მამათა განწესებას და, შესაბამისად, ღვთივსულიერ საუნჯეს, რომლის დაცვა და აღსრულებაც ყველა ადგილობრივი ეკლესიის განუხრელ ვალდებულებას წარმოადგენს! მისი მიზანია მორწმუნე საზოგადოების კეთილი მეგზურობა სულის ცხონების გზაზე და ეკლესიაში საღვთისმეტყველო და დოგმატური საკითხების ურყევი დაცვა. ამიტომაც, კანონიკური სამართლის სუბიექტად შეიძლება ჩაითვალოს ეკლესიის მორწმუნე მრევლი – ქრისტეს სამწყსო, ხოლო ობიექტად კი თავად ეკლესია, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული და ცოცხალი ორგანიზმი. ამდენად, “ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა” (იგავ. 28,9).

შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ აწ უკვე გროტესკულ პიროვნებად ჩამოყალიბებულ მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) მიმართ ამერიკელი ბერის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს თაღლითობის, 800 000$-ის მითვისების, გაფლანგვისა და მიწების მიტაცების ფაქტზე, რომელიც ფინანსური მანიპულაციებისა და მაქინაციების გზით, ბრალმდებლების მტკიცებით, უკანონოდ მოიპოვა. როგორც ბრალდებიდან ირკვევა, ამერიკული დონორი ორგანიზაციის მხრიდან გამოყოფილი კონტრიბუცია ემსახურებოდა საქველმოქმედო მიზნებს, თუმცა, ის მეუფე ნიკოლოზმა პირადი საჭიროებებისთვის გამოიყენა. დამფინანსებლები იმთავითვე ითხოვდნენ ფინანსურ გამჭვირვალობასა და ხარჯთა მიზნობრიობის ღიაობას, რასაც ახალქალაქის, კუმურდოს, კარისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიის მომხვეჭელი მღვდელმთავრის მხრიდან, ვერ მიაღწიეს.

იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად 80 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს, მოსახლობის დიდი ნაწილი – 502 000 არის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე, 320 000-ზე მეტი საბანკო ვალდებულებების ქვეშ მყოფი, ხოლო 25 % – უმუშევარი, ხოლო ათეულობით ათასი ადამიანი ემიგრაციაში ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი, უზნეობად მიგვაჩნია მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) მიერ მილიონზე მეტი ღირებულების ავტოპარკის ფლობა, რაც დიდად აზიანებს ეკლესიის რეპუტაციასა და ავტორიტეტს.

სოდომურ ცოდვასა და პედოფილიაში არაერთგზის მხილებული დეკანოზი ბასილ კვირჩილაძე, რომელსაც საფრანგეთის პოლიციაც კი ბრალს სდებს არასრულწლოვან ბიჭზე ძალადობაში, საქართველოს საპატრიარქომ, უშუალოდ ილია II-ის პატრონაჟით, დაიცვა. მართალია, ჯერ ამა წლის 11 თებერვლის სინოდურმა სხდომამ, ხოლო შემდეგ 3 მარტს “ზნეობრივმა საბჭომ” და ცალკეულმა მღვდელმთავრებმა ე.წ. “მოსაყდრესთან” ერთად იგი განკვეთეს მღვდლობიდან, თუმცა რამდენიმე წუთში ილია II-მ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ შეცვალა და მხოლოდ დროებითი განყენება შეუფარდა სასჯელის სახით, რითაც ნება დართო პედოფილ მღვდელს საკურთხეველში ოლარ-სამაჯურებით შემოსილს ზიარებისა! საეკლესიო სამართლის მიხედვით (წმ. ბასილი დიდის 71-ე კანონი), ასეთ დროს უკეთურების შემწყნარებელი იერარქი თანამდებია იმ ცოდვისა, რომელსაც ის იწყნარებს და თანამონაწილეა დანაშაულისა – “იმყოფებიან შენთან, რომლებიც მისდევენ ნიკოლაელთა მოძღვრებას, რომელიც მე მძულს” (გამოც.2,15).

მიუღებელია საპატრიარქოს გულგრილი მიდგომა და არასაკმარისი რეაგირება ქართული კულტურის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების დაცვისა და გადარჩენის საქმეში. მაგალითისთვის გელათის დასახელებაც კმარა.

ამავდროულად, შემაძრწუნებელია ყოფილი სახელმწიფო მოხელის – გიორგი სიგუას მიერ გაკეთებული განცხადებაც, სადაც საპატრიარქო და ცალკეული მღვდელმთავრები დადანაშაულებულნი არიან ნარკოდილერობასა და ფულის გათეთრების კარტელურ ბიზნეს-საქმიანობაში, რაზედაც საჭიროება მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოების დროულ რეაგირებას.

ბოლო პერიოდში სატელევიზიო ეთერით რუის-ურბნისის ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირმა, ანონიმურად გააჟღერა სხვადასხვა უმძიმეს დარღვევებთან დაკავშირებით შემაშფოთებელი ინფორმაცია, რაც ზნეობრივ და ფინანსურ საკითხებს მოიცავს. მიგვაჩნია, რომ საჭიროა მათი სინოდურ თუ სისხლის სამართლებრივ ფორმატში მოკვლევა და გამოძიება.

ამრიგად, მრავალი პრობლემა ასაჩინოებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება უმძიმეს მორალურ, ინტელექტუალურ თუ სულიერ კრიზისში და აუცილებელია პრობლემათა კურნება-აღმოფხვრა, რომლის ერთადერთი კანონიკური გზა და საშუალება არის საქართველოს ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების დაუყოვნებლივ მოწვევა, რომლის გარეშეც საეკლესიო კრიზისი არნახულად გაღრმავდება, რაც საქართველოს ეკლესიას დაშლა-განადგურებას უქადის. მრევლი და სამღვდელოება დაქსაქსული, გაფანტული და დაბრკოლებულია! ერთი მხრივ, რელიგიური ფანატიზმი და, მეორე მხრივ ურწმუნოება ანგრევს საეკლესიო ცხოვრებასა და ცნობიერებას. მართლმადიდებელი თემის ცხოვრება ერთ დიდ სულიერ აგონიად იქცა! ქრისტე დაკარგა ერმა და ბერმა! ამაზე სრული პასუხისმგებლობა ტრიუმფალიზმში, ანგარებასა და მომხვეჭელობაში ჩავარდნილ საქართველოს საპატრიარქოს ეკისრება! ფაქტია, რომ ეკლესიის მესვეურები მტრობენ ადამიანის ფუნდამენტურ თუ ღვთივბოძებულ უფლებებს, ლობირებენ დანაშაულს, ეწევიან ცივილიზებული სამყაროს დემონიზებას, ღიად ნერგავენ დისკრიმინაციულ სტიგმებს, იარლიყებს, სოციალურ კონფლიქტებს, მიუღებლობასა და სიძულვილით აღსავსე განწყობებს, თანაც ამ ყოველივეს აკეთებენ “პატრიოტული” და “სულიერი” მოტივებით, რაც კიდევ უფრო დიდ უფსკრულს აჩენს საზოგადოებრივი თანხმობისა და სამოქალაქო მშვიდობის გზაზე და ქმნის პოლარიზაციის მაღალ ტემპერატურას. შესაბამისად, კვაზირელიგიური თეოკრატიისა და ფასადური სეკულარიზმის პირობებში სახეზე გვაქვს ინსტიტუციების ფასადურობა და მათი ლიკვიდაციის გარდაუვალობა. ამას ემატება ეკონომიკური კოლაფსი, სოციალური უთანასწორობის კატასტროფული მაჩვენებელი, კლერიკალიზმის აღვირახსნილობა და ანტიდასავლური პროპაგანდა! ვის აწყობს ეს სიტუაცია ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა მომხვდურ ოკუპანტს, რომელიც ჩვენდამი არათუ მხოლოოდენ ტერიტორიების წართმევით, არამედ ეკლესიური კოლონიალიზმითაც იმსჭვალება, რასაც სერვილისტური განწყობით მისდევს საქართველოს ეკლესიის მმართველი აპარატიც.

როგორც ვხედავთ, ერთადერთი რესურსი, რაზედაც საპატრიარქოს ძალაუფლება და “ღირსება” დგას, ესაა – ძალადობა! სხვა საარსებო პოტენციალი, საკომუნიკაციო ენა და პოზიციონირებისათვის საჭირო საშუალება მას უბრალოდ აღარ გააჩნია მართლმადიდებლობის იდეოლოგიზების გამო!

საუბედუროდ, საქართველოში რელიგიური ცხოვრება დაიყვანება რუტინულ, გარეგნულ და ბრმა რიტუალიზმამდე, სადაც წესების აღსრულებაა მიზანი და არა – ცოცხალი ღმერთი! ეს არის წარმართობა, მაგიზმი, ანიმიზმი, მისნობა, მჩხიბავობა და ეკლესიოლატრია, როცა “თაყვანისცემის” ფორმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – შინაარსი. აქ ჩანს, რომ ღმერთი ხდება საშუალება, რაც ადამიანის სულიერი ცნობიერების დეგრადირებას იწვევს და არა პიროვნული სრულყოფისაკენ სვლას, თვითშემეცნებასა და სამყაროს წვდომას. ამგვარ მდგენელზე, ჯერ კიდევ ვაჟა-ფშაველა სწუხდა: “დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში”.

უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც საეკლესიო სივრცეში არსებულ დღევანდელობას ვამხელთ, ცხადია, არანაირად არაა ეს მიმართული სიწმინდის გაქილიკებისკენ, დაცინვისკენ, ათეიზმისკენ, მკრეხელობისკენ, ეკლესიის, როგორც სულიერი ფენომენის დამცრობისკენ, ან მღვდლობის ინსტიტუტის აბუჩად აგდებისკენ (ღმერთმა დაგვიფაროს!), არამედ, კრიტიკის ობიექტები არიან კონკრეტული, არაჯანსაღი მოწოდებების რადიკალი, რუსოფილი, ერეტიკოსი, ჰედონისტი და ფანატიკოსი მღვდლები თუ ეპისკოპოსები და საპატრიარქოს სადუკევლური სულით გამიწიერებული მენეჯმენტი. სარწმუნოებასა და მის ღირსებას რომ ვუფრთხილდებით, ვეთაყვანებით და გარკვეული ცოდნა რომ გვაქვს მის შინაარსზე, სწორედ ამიტომაც ვერ ვეგუებით ამდენ გაუკუღმართებას!

როგორ გავბედოთ სოფლის განსჯა, როდესაც ხელუხლებლად ვტოვებთ ცოდვას ეკლესიაში? – კითხულობს წმ. პავლე მოციქული: “ვინაიდან რად განვიკითხო გარეშენი? განა თქვენ შინაურებს არ განიკითხავთ?”(I კორ. 5,12). ამორალურობის მიმართ დუმილი – დანაშაულია. ეკლესიაში ცრუ მორჩილების მცდარი აზროვნება რომ დამკვიდრებულიყო, მაშინ ყველგან მწვალებლობა და უღმერთობა იქნებოდა გავრცელებული, რადგან წმინდანები ერეტიკოს პატრიარქებსა და უღირს ეპისკოპოსებს უნდა დამორჩილებოდნენ, რაც საყოველთაოდ დაამკვიდრებდა ნიკოლაიტიზმსა და უხამსობას. ამიტომ არსებობს დამღუპველი მორჩილება და წმინდა “ურჩობა”, რაც ადამიანის სინდისზე გადის. თავად უფალი იესო ქრისტე ცხადად განასხვავებს ერთმანეთისაგან კეთილ და ცუდ მოძღვრებს. იგი ამცნებს, რომ დავემორჩილოთ ღირსეულ სასულიერო პირთ და არა უკეთურთ – სასყიდლით დადგინებულებს, კარიერისტებსა და კონფორმისტებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ფუფუნებასა და ძალაუფლებაზე ზრუნავენ, სამწყსოს მგლების ანაბარა ტოვებენ და მათთვის თავს არ წირავენ: “მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს”(იოანე 10, 11-12).

და მაინც ქრისტე აღდგა!

ვსასოებთ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც აღდგება!

აღდგომა ქრისტესი 2021

თეოლოგები:

ზვიად ცაბაძე
გიორგი ტიგინაშვილი
გიორგი გეგუჩაძე
ვანო შოშიაშვილი
გიგა ამირანაშვილი
დავით ნებიერიძე
ლადო წითლიძე
გურამ პაპავა
გოგა ესიავა
სანდრო ხაჯალია
ეკლესიის ისტორიის მკვლევრები:

შოთა მათითაშვილი
ბექა ჭიჭინაძე
თეოლოგთა ეპისტოლე

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 20:30 საათზე ჩამოიტანენ
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე