ქართველ მოკავშირეებს მადლობა უნდა გადავუხადოთ დემოკრატიის დასაცავად შესრულებული სამუშაოსთვის

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების, პროტესტისა და ქუჩაში ძალადობის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათი სანახავია ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც. აშშ-მა არ დატოვა მარტო საქართველოს მსგავსი ახალგაზრდა დემოკრატია, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ საუბრისას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე, სადაც გაიმართა მოსმენა სახელწოდებით „პუტინის გაყინული კონფლიქტები“, კინზინგერმა აღნიშნა, რომ საქართველოში მმართველი პარტია დათანხმდა უფლებამოსილების ნაწილის გადაცემაზე საკუთარი სახელმწიფოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და დასაცავად.

„1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ჩვენ ვუყურებთ ქართველი ხალხის სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. დემოკრატია მარტივი არ არის, მას უნდა მოუარო და მისთვის უნდა იბრძოლო, სწორედ ეს ხდება საქართველოში. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების, პროტესტისა და ქუჩაში ძალადობის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათი სანახავია ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც. აშშ-მა არ დატოვა მარტო საქართველოს მსგავსი ახალგაზრდა დემოკრატია. თბილისში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი ელჩის კელი დეგნანის დახმარებით საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დათანხმდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მმართველი პარტიის მზადყოფნა, გადასცეს უფლებამოსილების ნაწილი, ქვეყანაში დემოკრატიას აძლიერებს, თუ ეს არ ამტკიცებს კრემლის სტრატეგიის მარცხს, მე არ ვიცი, სხვა რა ამტკიცებს ამას.

საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის 2020 წელს ჩარევისგან თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა, ბიზნესგარემოს გაძლიერება ამერიკული და ევროპული ინვესტიციების დასაშვებად. თუმცა ჩვენ ქართველ მოკავშირეებს მადლობა უნდა გადავუხადოთ დემოკრატიის დასაცავად შესრულებული სამუშაოსთვის“, – განაცხადა კონგრესმენმა კინზინგერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს
შემდეგი სტატიადამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველო და უკრაინა აშშ-ის მოკავშირეები არიან, საჭიროა რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავება