ქართველ მეცნიერს აია-სოფიას ტაძარში ლოცვა აუკრძალეს

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე თურქეთის საელჩოს საქართველოში და თურქეთის მთავრობას ღია წერილით მიმართავს:

“ღია წერილი თურქეთის საელჩოს საქართველოში და თურქეთის მთავრობას

ღმერთი სიკეთეა და ის ყველა ჩვენთაგანშია – ეს არის ის ფუძემდებლური პრინციპი, რომელზეც აგებულია სამყაროს იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც ჰქმნიან რეალურ ღირებულებას, ასეთი ადამიანების წყალობით კაცობრიობა ინარჩუნებს ადამიანურ სახეს. თქვენს ქვეყანაში – თურქეთში (ვიმყოფებოდი: 1–6 დეკემბერი 2018 წ.), ასეთ ადამიანებს ბევრს შევხვდი, რაც ძალიან მახარებდა; მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მანკიერი გარემოება რაც გამოიხატება ქრისტიანული კულტურული ძეგლებისა და სალოცავების მიმართ, სახელდობრ ქრისტიანული ძეგლები მოუვლელია, ან გადაკეთებულია მეჩეთებათ, ხოლო მოქმედ ქრისტიანულ სალოცავებზე აღმართულია მუსლიმანური სიმბოლოები, სამწუხაროდ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ როცა აია–სოფიას ტაძარში ღვთისმშობლის წინაშე მუხლი მოვიდრიკე და პირჯვარი გადავიწერე, ამ ტაძრის მომსახურე პერსონალის წარმომადგენელმა (მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა) უხეშად მომართა და ფეხზე წამოდგომა მომთხოვა, თუმცა წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც მდებარეობს თქვენი დედაქალაქის სტამბულის მახლობლად ერთ–ერთ კუნძულზე, ლოცვის უფლება მომცეს და სანთელიც დამანთებინეს. და, მაინც, გულისტკივილით, მინდა თქვენი ყურადღება მივმართო იმ გარემოების მიმართ რაც გადამხდა აია–სოფიას ტაძარში და, რაც, ყოვლად დაუშვებელია ცივილიზებულ სახელმწიფოსათვის; მსგავს სურათს საქართველოში არ შეხვდებით, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში ყველა სარწმუნეობას და, შესაბამისად, მათ სალოცავებს უაღრესად დიდ პატივს მიაგებენ და ყოველნაირად ცდილობენ მისი პირველსახის შენარჩუნებას, რამეთუ ყველა სარწმუნეობის სალოცავები ჩვენს სულიერ სიმდიდრედ მიგვაჩნია; უფრო მეტიც, ხელს არ ვუშლით არცერთ ეროვნების ადამიანს ილოცოს თავისი მრწამსისა და რელიგიის მიხედვით, რამეთუ: ღმერთი სიკეთეა და ის ყველა ჩვენთაგანშია.

პატივისცემით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე.” – წერს

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ლავროვის მილოცვის ტექსტი ზურაბიშვილისადმი სცილდება პროტოკოლური გზავნილის ფარგლებს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი სკანდალური “ფეისბუქპოსტის” შემდეგ განმარტებას აკეთებს