21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ქართველ-ებრაელი ექიმი Flydubai-ის ბორტზე მომხდარს იხსენებს — „მივხვდით, რომ ეს იყო ტერაქტი“

ქართველ-ებრაელი ექიმი შოთა მუსოევი Flydubai-ის თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს იხსენებს. მისი თქმით, თავდაპირველად ეგონა, რომ ჩვეულებრივი ფრენა იყო, თუმცა აფრენიდან მალევე ბორტზე მძიმე ვითარება შეიქმნა.

„მეგონა, რომ იყო ჩვეულებრივი ფრენა, მაგრამ ნახევარ წუთში მივხვდი, რომ არ იყო ჩვეულებრივი. ხალხმა დაიწყო ყვირილი, რომ დანას და სისხლს ხედავდნენ. მივხვდით, რომ ეს იყო ტერაქტი“, — განაცხადა მუსოევმა „ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, ის თვითმფრინავის წინა ნაწილისკენ გაემართა, რათა დაშავებულებისთვის დახმარება გაეწია. ადგილზე მას მძიმე მდგომარეობაში მყოფი პილოტი დახვდა.

„მთავარი პილოტი ძირს იყო, ძალიან მძიმედ დაჭრილი. რამდენიმე მამაკაცს ტერორისტი უკვე შებოჭილი ჰყავდა. მაშინვე მოვიტანე ყურსასმენები და შევბოჭეთ ტერორისტი. მეორე წუთს პილოტზე გადავედი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, მაგრამ საბოლოოდ სისხლდენა შევაჩერეთ“, — ამბობს ექიმი.

მუსოევის ინფორმაციით, ბორტზე ოთხი ადამიანი იყო, რომლებიც დაშავებულების დახმარებასა და სიტუაციის კონტროლში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ინციდენტი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

„მივდიოდი მხოლოდ იმ მიზნით, რომ დავხმარებოდი ტერორისტის განეიტრალებაში. დავემშვიდობე ჩემს მეუღლეს. მას ძალიან ეშინოდა, მთხოვა, რომ არ წავსულიყავი, მაგრამ დავემშვიდობე, ვუთხარი — რაც იქნება, იქნება — და წავედი წინ“, — იხსენებს მუსოევი.

რა მოხდა Flydubai-ის რეისზე

30 სექტემბერს Flydubai-ის რეისზე ბორტზე ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პილოტი მეორე პილოტს თავს დაესხა და მას დანით ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელი მგზავრებმა გაანეიტრალეს.

ინციდენტის გამო თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა და საბოლოოდ საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა. მუსოევის თქმით, ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინამ ბრძოლაში პირველად გამოიყენა ადგილობრივი წარმოების FP-7 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა
შემდეგი სტატიაიტალიის სენატში გაიმართება დოკუმენტური ფილმის – “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი”