ქართველ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ “კანონიერ ქურდ” რაჟდენ შულაიას, იგივე რაჟდენ პიტერსკის, იგივე რომას, 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიუ-იორკის პროკურატურამ შულაია დაახასიათა, როგორც “ნიუ-იორკსა და აშშ-ს დასაველეთ სანაპიროზე აღმოსავლეთ ევროპული კრიმინალის მთავარი ბოსი” და მისთვის 65 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. სასამართლოს ზედამხედველობის განყოფილებამ, რომელიც მოსამართლეებს განაჩენის შესახებ რეკომენდაციებს აძლევს, გადაწყვიტა, რომ შულაიას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნოდა. მოსამართლე ლორეტა პრესკა თითქოს ეთანხმებოდა ამ რეკომენდაციას, რადგანაც პროცესებზე შულაია ნამდვილად არ ნანობდა თავის საქციელს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დამნაშავეს 45 წლით ციხე მიუსაჯა, აქედან, დაახლოებით 15%-ს ჩამოაჭრიან იმ შემთხვევაში, თუკი პატიმარი კარგად მოიქცევა. შულაიას ერთ-ერთმა ნათესავმა “ბიბისის” განუცხადა, რომ ის სამშობლოდან იმიტომ გაიქცა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

პროკურორების თქმით, შულაია გერმანიაში “მონათლეს”, “კანონიერი ქურდის” ტიტული კი იტალიაში მიიღო. 2014 წელს შულაია აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სომხების დანაშაულებრივ ჯგუფთან კონფრონტაციაში იყო. შულაია თავის ქვეშემვრდომებთან ერთად, მათ შორის იყვნენ ზურაბ ჯანაშვილი, რომელმაც მოგვიანებით მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, მამუკა ჩაგანავა და სხვა 20-მდე პირი, ბრუკლინში მოწინააღმდეგეთა ბანაკს შეეჯახნენ. ამასთანავე, შულაიას და მის ჯგუფს იარაღებიც ჰქონდათ. მათ ოპონენტები ბილიარდის ჯოხებით ცემეს, ტანსაცმელი შემოახიეს და მეორე სართულზე ერთად შეყარეს, სადაც შულაია მათ იარაღით ემუქრებოდა. შეხლა-შემოხლის შემდეგ შულაია საკუთარ ნათესავსაც გაუბრაზდა და ის იმავე ოფისში იარაღით ცემა, ამის შემდეგ ის თავს დაესხა თავისი გუნდის წევრს ნიკოლოზ ჯიქიას იმის გამო, თითქოსდა მან ოპონენტებს საათი წაგლიჯა.

პროკურორებმა, ასევე, ისაუბრეს სხვა სცენებზეც, რომელიც შულაიას უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი მოხდა რუსულ რესტორანში. 2015 წელს შულაია რესტორანში ალექსის ცვეტკოვს, იგივე პელმენს შეხვდა. ის ნარკოტიკებით ვაჭრობდა და შულაიასთვის მოგება უნდა გაეყო. შულაიამ ცვეტკოვი მამაკაცების ტუალეტში ცემა – მას მოგების დამალვაში ადანაშაულებდა. ამ დროს ჩაგანავა შულაიასგან მარცხნივ დანით ხელში იდგა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ცვეტკოვი შულაიას დაბადების დღეზე მივიდა იმავე რესტორანში. შულაიას ეცვა რვაწახნაგიანი ვარსკვლავებით მოხატული პერანგი, რაც მას ძალიან ახალისებდა – ამბობდა, რომ ის ქურდულს გავდა. იმ ღამით ცვეტკოვმა შულაიას იარაღი აჩუქა.

გასული წლის ზაფხულში შულაიამ და მისმა ხალხმა გეზი ლოს-ანჯელესიკენ აიღეს, სადაც სომხური ოპოზიციის მეთაურს, “კანონიერ ქურდ” არმენ კაზარიანს საქმის გასარჩევად უნდა შეხვედროდნენ. გზად მათ ლას-ვეგასში შეიარეს, სადაც, ზოგიერთი მონაცემებით, იმყოფებოდა რუსი ჰაკერი, რომელსაც სათამაშო აპარატების მოსატყუებელი პროგრამები ჰქონდა. შულაია აფიორებზე “მილიონი ან მილიარდი დოლარის გამომუშავებას აპირებდა”.
შულაიას ხალხმა ჰაკერი იპოვა, მას წარუდგნენ, როგორც დაცვის თანამშრომლები და შულაიას სასტუმროს ნომერში შეიყვანეს, საიდანაც მას შულაია მანამდე არ უშვებდა, სანამ ჰაკერმა საჭირო პროგრამები და კოდები არ გადასცა, რომელიც როუტერებს ჰქონდათ ნაყიდი. გატაცებული მშვიდობიანად გაუშვეს. შულაია ლას-ვეგასში დააკავეს ისე, რომ მან კაზარიანთან საქმის გარჩევა ვერ მოასწრო.

მსგავსი ეიპიზოდები სასამართლო მასალებში ათობით გვერდებს იკავებს. მათ შორის, საუბარია იამზე, რომ შულაიას ჯგუფი ამონტაჟებდა მოსასმენ აპარატებს, ვიდეოსათვალთვალო კამერებს და სხვა.
თებერვალში პროკურატურამ შულაიას შესთავაზა ბრალი ეღიარებინა, რომლის შემდეგადაც მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთას მისცემდნენ. მან უარი თქვა. მისი ბანდის ყველა წევრმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, გარდა შულაიას მარჯვენა ხელის ავთანდილ ხურციძის, რომელიც ბოქსში მსოფლიო ჩემპიონია. მათი პროცესი ორი კვირა გრძელდებოდა.
ხურციძეს სექტემბრის ბოლოს 10 წელი მიუსაჯეს.

სასამართლომ შულაიას დააკისრა სახელმწიფოს დაუბრუნოს მოპარული 2,2 მილიონი დოლარი. ასევე, მას დაევალა 550 ათასი დოლარი კომპენსაცია გადაუხადოს შშმ პირს, რომელიც თავისმა მომვლელმა ნაზო გაფრინდაშვილმა გაქურდა. მან ნაქურდალი შემდეგ შულაიას გაუნაწილა.

სტატია გამოქვეყნდა “ბიბისი”-ზე

Область прикрепленных файлов
banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – სალომე სამადაშვილს აუცილებლად ვუჩივლებ
შემდეგი სტატიამაროკომ გერმანია შესაძლო ტერაქტზე გააფრთხილა